„აქ რომ ვარ, სიცოცხლე მემატება“ — მეწარმე ქალები ევროპის დღეზე

თარიღი:

მარსელ თიღილაური ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებულ ტრადიციულ ქართულ პროდუქტს, დამბალ ხაჭოს სთავაზობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მარსელ თიღილაური ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებულ ტრადიციულ ქართულ პროდუქტს, დამბალ ხაჭოს სთავაზობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„მიირთვით, აქ იმიტომ დევს, რომ გასინჯოთ“, - მარსელ თიღილაური ევროპის დღის აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებულ ტრადიციულ ქართულ პროდუქტს, დამბალ ხაჭოს სთავაზობს.

მარსელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა. 69 წლის ფერმერი რძის პროდუქტებსა და თაფლს ამზადებს, დღეს კი თავის ნახელავს მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაზე წარადგენს.

მეწარმე ლელა გზირიშვილი, რომელიც გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად კახეთში თბილისიდან ჩამოვიდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მეწარმე ლელა გზირიშვილი, რომელიც გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად კახეთში თბილისიდან ჩამოვიდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„აქ რომ ვარ, სიცოცხლე მემატება. გვეხმარება ასეთი გამოფენები, რომ ცოტათი მაინც წინ წავიდეთ“, - ამბობს ის.

მარსელის გარდა, ევროპის დღის აღნიშვნას კახეთში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 9 მეწარმე ქალი შეუერთდა. მონაწილეებს შორის იყვნენ უკრაინიდან ლტოლვილებიც. გამოფენა-გაყიდვაზე მათ ღონისძიების სტუმრებს საკვები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და სხვა აქსესუარები შესთავაზეს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნაწარმი ადგილზევე შეეძინათ და ქალების საქმიანობების განვითარებისთვის მხარი თავადაც დაეჭირათ. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს ამგვარი გამოფენები, ევროპის დღის აღსანიშნად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისსა და ბათუმშიც მოეწყო.

ევროპის დღის აღნიშვნას კახეთში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 9 მეწარმე ქალი შეუერთდა. ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროპის დღის აღნიშვნას კახეთში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 9 მეწარმე ქალი შეუერთდა. ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

„ბათუმის გამოფენაში ვმონაწილეობდი და იქაც ძალიან მომეწონა. უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ეს ახალი კავშირები, გამოცდილებები და თანამშრომლობები. ევროპის დღეზე მონაწილეობა განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ასეთი ღონისძიებები არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის თანადგომის გამოხატვაა“, - აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ ლელა გზირიშვილმა — გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც სტუმრებს კერამიკა, სამკაულები და ნაქსოვი ნივთები წარუდგინა.

ევროპის დღე 2026 კახეთში, მეურნეობა “მოსმიერში”, 10 ოქტომბერს, 5000-ზე მეტმა სტუმარმა აღნიშნა და მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტრადიციულად კვლავაც შეუერთდა. ღონისძიებამ “ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პარტნიორობის, საერთო ღირებულებების და საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კავშირების სიმტკიცე. კულტურის, კულინარიის, დიალოგისა და ინტერაქტიული აქტივობების მეშვეობით, სტუმრები გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და როგორ ხდება მოქალაქეთა მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოფენა-გაყიდვის მონაწილე მეწარმე ქალებს ესალმება. ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოფენა-გაყიდვის მონაწილე მეწარმე ქალებს ესალმება. ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ასევე, ტექნოლოგიებში გოგოების მონაწილეობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობს. მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა კი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს. პროგრამას, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.