ფერმერი ქალები საქართველოდან და სომხეთიდან სოფლის მეურნეობის ინოვაციურ მეთოდებს ეცნობიან

თარიღი:

ფერმერი ქალები სოფლის მეურნეობის ინოვაციური მეთოდების შესახებ შესრულებულ ჯგუფურ დავალებას წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ანა სარგსიანი
ფერმერი ქალები სოფლის მეურნეობის ინოვაციური მეთოდების შესახებ შესრულებულ ჯგუფურ დავალებას წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ანა სარგსიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფერმერი ქალების მხარდაჭერას, მათი ახალი, ინოვაციური ცოდნით ხელშეწყობას აგრძელებს და ქმნის შესაძლებლობებს გამოცდილებების გაზიარებისა და სასარგებლო კავშირების დამყარებისთვის. ქართველი და სომეხი ფერმერი ქალების შეხვედრა, რომელიც, 17-18 აგვისტოს, სომხეთში, კოტაიქის რეგიონის სოფელ ძორაღბიურში შედგა, სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯს წარმოადგენდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ მდგრად და ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს, მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ურბანული და კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის, ორგანული წარმოებისა და მაღალი ღირებულების მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობისთვის 40 ქალი შეირჩა. ყველა მათგანი სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობს: ნაწილს მარცვლეული, ბოსტნეული და კენკროვანი კულტურები მოჰყავს ან სასათბურე მეურნეობას უძღვება, ნაწილი კი მეცხოველეობას ან მეფუტკრეობას ეწევა. ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ არსებული გამოწვევები, მოესმინათ წარმატებული პრაქტიკები და ემსჯელათ, როგორ შეუძლიათ ინოვაციური მიდგომების საკუთარ მეურნეობებსა და თემებში მორგება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრები ნაირა ბოლქვაძე  ფერმერ  ქალებს ბოსტნეულის წარმოებისა და კოოპერატივის შექმნის შესახებ უამბობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ანა სარგსიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში მცხოვრები ნაირა ბოლქვაძე ფერმერ ქალებს ბოსტნეულის წარმოებისა და კოოპერატივის შექმნის შესახებ უამბობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ანა სარგსიანი

ერთ-ერთი მონაწილე იყო ქეთევან ლონდარიძეც, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორიდან, რომელსაც სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავს, შეხვედრის მიმდინარეობისას იგი განსაკუთრებით ქოთნის მწვანილით დაინტერესდა: “საქართველოში რომ დავბრუნდები, აუცილებლად ვცდი, სამომავლოდ კი იქნებ ბიზნესადაც განვავითარო”, - აღნიშნა ქეთევანმა.

შეკრება მოტივატორი აღმოჩნდა ალისა არაქელიანისთვისაც, რომელსაც გეგარკუნიკის რეგიონში, ქალაქ ვარდენისში მარწყვი მოჰყავს. ფერმერმა, რომელიც მოსავლით იმედგაცრუებული იყო, შეხვედრაზე სრულიად ახალი ტექნოლოგია შეისწავლა: “ეს მეთოდი ჩემს სამუშაო დატვირთვას შეამცირებს, მარწყვის რაოდენობას კი გაზრდის”, - დასძინა მან.

ინიციატივის მნიშვნელოვან კომპონენტს თავად მონაწილეების წარმატებული გამოცდილებების გაზიარება წარმოადგენდა. ნაირა ბოლქვაძემ და ხათუნა ბოლქვაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისიდან ფერმერებს ბოსტნეულის წარმოებისა და კოოპერატივის შექმნის შესახებ უამბეს. გააცნეს ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც ამ იდეის რეალობად ქცევამ მთელი სოფლისთვის მოიტანა. „კარგი იქნება, თუ აქ მყოფი ფერმერებიც გაერთიანდებიან და კოოპერატივებს შექმნიან“,- აღნიშნა ხათუნამ.

მონაწილეთა ჯგუფური ფოტო სომეხი და ქართველი ფერმერი ქალების შეხვედრიდან, რომელიც სოფლის მეურნეობის ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილებების გაზიარების შესახებ გაიმართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ანა სარგსიანი
მონაწილეთა ჯგუფური ფოტო სომეხი და ქართველი ფერმერი ქალების შეხვედრიდან, რომელიც სოფლის მეურნეობის ინოვაციური მეთოდებისა და გამოცდილებების გაზიარების შესახებ გაიმართა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ანა სარგსიანი

საგულისხმოა, რომ ფერმერი ქალები, სომხეთსა თუ საქართველოში, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, სასურსათო უსაფრთხოებასა და სოფლების ეკონომიკურ განვითარებაში. მიუხედავად ამისა, მათ ტექნიკურ ცოდნაზე, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებზე, ბაზრებზე, პროფესიულ ქსელებსა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე ხშირად შეზღუდული წვდომა აქვთ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა სწორედ ამ გამოწვევას ეხმიანებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს ფერმერებს შორის ახალი და სასარგებლო კავშირების დამყარებას, აძლიერებს ქალების ურთიერთმხარდაჭერასა და სოლიდარობას.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა რეგიონული პროექტის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) დაფინანსებით გამართა.