გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ პლატფორმებში ახალგაზრდა ქალების მონაწილეობას

თარიღი:

ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი საქართველოდან და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრი თიკო ლაგვილავა სიტყვით გამოდის სესიაზე, რომელიც გლობალური სტრატეგიული დიალოგის „ნორმატიული პროგრესიდან განხორციელების გავლენამდე“ ფარგლებში ქალაქ ალმათიში, 28-30 ივლისს გაიმართა. ფოტო: გაეროს მოსახლეობის ფონდი
ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი საქართველოდან და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრი თიკო ლაგვილავა სიტყვით გამოდის სესიაზე, რომელიც გლობალური სტრატეგიული დიალოგის „ნორმატიული პროგრესიდან განხორციელების გავლენამდე“ ფარგლებში ქალაქ ალმათიში, 28-30 ივლისს გაიმართა. ფოტო: გაეროს მოსახლეობის ფონდი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერას, რათა მათ მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ პლატფორმებში ქართველი თანატოლების ხმის გაჟღერება შეძლონ.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში, გლობალურ სტრატეგიულ დიალოგში „ნორმატიული პროგრესიდან განხორციელების გავლენამდე“, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა, საქართველოდან ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრი თიკო ლაგვილავაც მონაწილეობდა.

კონფერენცია გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, 28-30 ივლისს ჩატარდა და მან 47 ქვეყნიდან მშვიდობის მშენებლები, მთავრობების, გაეროს სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიების მიმდინარეობისას 60-ზე მეტმა მონაწილემ ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალური დღის წესრიგის სამომავლო მიმართულებებზე იმსჯელა. საგულისხმოა, რომ შესაბამის თემატიკაზე ამ მასშტაბის შეხვედრა პირველად შედგა.

ღონისძიებამ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილებების გაზიარებისა და საერთო სამომავლო ხედვების ჩამოყალიბების საშუალება მისცა. დამსწრეებმა განიხილეს და განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს, მთავრობებს, გაეროს სტრუქტურებსა და ადგილობრივ თემებს შორის პარტნიორობების გაძლიერება, რადგან ახალგაზრდების მონაწილეობის პროგრესს სწორედ ამგვარი თანამშრომლობები განსაზღვრავს. პრიორიტეტებად დასახელდა შესაბამისი ინიციატივების უწყვეტი დაფინანსება და მშვიდობის მშენებლების დაცვაც. ამას გარდა, კონფერენციაზე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგმა განაგრძოს ისეთ თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირება, როგორებიცაა ციფრული მმართველობა, დემოკრატიის უკუსვლა, გენდერული უთანასწორობა და კატასტროფების რისკები.

თიკო ლაგვილავა გლობალური სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთ სესიაზე დამსწრეებს უყვება, თუ როგორია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, უამბობს მათ გამოცდილებებსა და გამოწვევებს. ფოტო: გაეროს მოსახლეობის ფონდი
თიკო ლაგვილავა გლობალური სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთ სესიაზე დამსწრეებს უყვება, თუ როგორია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, უამბობს მათ გამოცდილებებსა და გამოწვევებს. ფოტო: გაეროს მოსახლეობის ფონდი

თიკო ლაგვილავა აქტიურად ესწრებოდა ღონისძიების ფარგლებში გამართულ სესიებს, მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებსა და პანელურ დისკუსიაში. მან დამსწრეებს უამბო, თუ როგორ ხდება საქართველოში ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და ყურადღება გაამახვილა რეგიონებში მცხოვრები მშვიდობის მშენებლების რეალურ გამოცდილებებსა და გამოწვევებზე. ასევე, სხვა დამსწრეებთან ერთად, თიკომ იმსჯელა იმ სტრუქტურულ, პოლიტიკურ და ფინანსურ ბარიერებზე, რომლებსაც განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები აწყდებიან, განიხილა ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მეთოდოლოგიების ჰარმონიზაცია მშვიდობისა და უსაფრთხოების ადგილობრივ ჩარჩოებთან. ღონისძიების ფარგლებში, თიკო გაეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ თაობათაშორის დიალოგშიც მონაწილეობდა.

საგულისხმოა, რომ ქართველი დელეგატი ჩართული იყო კონსულტაციებშიც, რომლებიც ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მეორე დამოუკიდებელი პროგრესის კვლევასა და ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მეოთხე ანგარიშთან დაკავშირებით გაიმართა.

თიკომ, რომელიც საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს, ყურადღება გაამახვილა მის კავშირზე ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან და აღნიშნა, ახალგაზრდა ქალები ხშირად გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების მიღმა რჩებიან. მან ხაზი გაუსვა, რომ ინტერსექციური მიდგომების გამოყენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქალების აქტიურ ჩართულობას, თაობათაშორისი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და თანმიმდევრული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას.

“გლობალურმა სტრატეგიულმა დიალოგმა შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობა, საერთაშორისო ასპარეზზე წარმედგინა საქართველოს ეროვნული კონტექსტი და, ამავდროულად, გლობალური პრაქტიკოსებისთვის გამეზიარებინა გამოცდილება და სტრატეგიები. ცოდნა, თუ რა კავშირის აქვს ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების დაცვის მექანიზმების შესახებ გაზიარებული გამოცდილება ადვოკატირებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმიანობებში დამეხმარება”, - აღნიშნა ღონისძიების შემდეგ თიკო ლაგვილავამ.

გლობალური სტრატეგიული დიალოგის „ნორმატიული პროგრესიდან განხორციელების გავლენამდე“ მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ღონისძიებამ 47 ქვეყნიდან მშვიდობის მშენებლები, მთავრობების, გაეროს სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გააერთიანა. ფოტო: გაეროს მოსახლეობის ფონდი
გლობალური სტრატეგიული დიალოგის „ნორმატიული პროგრესიდან განხორციელების გავლენამდე“ მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ღონისძიებამ 47 ქვეყნიდან მშვიდობის მშენებლები, მთავრობების, გაეროს სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გააერთიანა. ფოტო: გაეროს მოსახლეობის ფონდი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თიკო ლაგვილავა თემატურ გლობალურ პლატფორმებში აქტიურად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ მან საქართველო გასულ წელს, ბრიუსელში ევროკავშირის ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მეორე კონფერენციაზეც წარადგინა. ღონისძიება გაეროს უშიშროების საბჭოს #2250 რეზოლუციის მიღებიდან 10 წელს მიეძღვნა და მას მთელი მსოფლიოდან მშვიდობის მშენებლობაში ჩართული 120-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. საგულისხმოა, რომ თიკომ კონფერენციაზე ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების კოალიციის შექმნის საკითხიც დააყენა, რაც, მისი ძალისხმევით, უკვე რეალობადაც იქცა: ჩამოყალიბდა გაერთიანება "ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიისთვის,” რომელიც შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებელ სამუშაო შეხვედრებს სისტემატურად მართავს.

თიკოს სამშვიდობო აქტივიზმისა და მონაწილეობის ხელშეწყობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ეს მხარდაჭერა დაიწყო ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით და ამჟამად გრძელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამით „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის”, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.