სოფლად მცხოვრები ქალები კატასტროფის რისკების შემცირების შესახებ ახალ ცოდნასა და უნარებს იძენენ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია კატასტროფის რისკებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას აგრძელებს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ორდღიანი ტრენინგების სერია „თემის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფის რისკების შემცირების მიმართულებით“, რომელიც, ქალთა ეროვნულ ლიგასთან თანამშრომლობით, შარშან დაიწყო და მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. ივნისსა და ივლისში იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში გამართულ 3 შეხვედრას 66 ადგილობრივი ქალი დაესწრო. მონაწილეებმა მიიღეს აქტუალური ინფორმაცია კატასტროფის რისკებისა და კლიმატის ცვლილების გენდერული განზომილებების შესახებ, შეიძინეს ის პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ, სამომავლოდ უკეთ შეძლონ ადგილობრივი საფრთხეების იდენტიფიცირება, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში ჩართულობა. ტრენინგის შემდგომ ყველა მათგანს საჭირო საბაზისო ნივთებით დაკომპლექტებული საევაკუაციო ჩანთა გადაეცა.
ორდღიანი ტრენინგები ინტერაქციულ სესიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს აერთიანებდა. დამსწრეებმა, ტრენერებთან ერთად, ადგილობრივი საფრთხეების შეფასებაზე, ევაკუაციის დაგეგმვაზე, ადრეული შეტყობინების სისტემებზე, პირველადი დახმარების, სამედიცინო რეაგირებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მეთოდებზე იმუშავეს. მათ შორის იყო 54 წლის ინგა მეტრეველიც, რომელიც ონში ცხოვრობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდს“ ხელმძღვანელობს და კლიმატის ცვლილებების თემაზეც მუშაობს.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ტრენინგი ონში ჩატარდა. რაჭა კატასტროფების მიმართ ძალიან მოწყვლადია: აქ სეისმურად აქტიური ზონაა, ხშირია მეწყერი, ღვარცოფები, წყალდიდობები და წყალმოვარდნები. ზოგჯერ სოფლები გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება და კარგია, რომ ბევრ ადამიანს მიეცა ამ აქტუალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინდივიდუალურად დღეიდანვე უნდა დავიწყოთ მზადება და რაც მეტნი ვიქნებით, სავარაუდო ზიანი მით უფრო შემცირდება“, - აღნიშნა ინგამ.
ტრენინგის ბოლოს ინგამ, სხვა მონაწილეებთან ერთად, რაჭისთვის დამახასიათებელი საფრთხეები განიხილა და იმუშავა რეკომენდაციებზეც, რომლებიც ადგილობრივ სათემო დონეზე კატასტროფების რისკების უკეთ მართვისთვისაა მნიშვნელოვანი.
საგულისხმოა, რომ ქალების, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებლების, გამოცდილებას, ცოდნასა და აქტიურ ჩართულობას თემების მზადყოფნის გაძლიერებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, აუცილებელია, მათ ხელი მიუწვდებოდეთ საჭირო ინფორმაციასა და რესურსებზე, მეტად იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და საკუთარი წვლილი შეჰქონდეთ კატასტროფების რისკის შემცირებასა და ეფექტიან რეაგირებაში. ტრენინგის მიმდინარეობისას გამორჩეული ყურადღება სწორედ ქალების მონაწილეობასა და ლიდერობას, მათი როლის წარმოჩენასა და გაძლიერებას ეთმობა.
„თუ რამე შესაძლებლობა მექნება, ვეცდები, სამომავლოდ ყველა ჩემი პროექტით კატასტროფების მიმართ ადამიანების მზაობა გავზარდო და ქალების მონაწილეობის მნიშვნელობა, მათი წამყვანი როლი წარმოვაჩინო“, - აღნიშნა ინგა მეტრეველმა ტრენინგის დასრულების შემდგომ.
ტრენინგების შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში იგეგმება ქალთა ქსელის ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც საკუთარი ცოდნითა თუ უნარებით საფრთხეების იდენტიფიცირებასა და მათთან გამკლავებას შეძლებენ.
ტრენინგები „თემის შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფის რისკების შემცირების მიმართულებით“ წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.