თანაბარი ანაზღაურების სასერტიფიკატო პროგრამით კერძო სექტორის დაინტერესება იზრდება

თარიღი:

კერძო სექტორის წარმომადგენლები სასერტიფიკატო კურსის მიმდინარეობისას გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კერძო სექტორის წარმომადგენლები სასერტიფიკატო კურსის მიმდინარეობისას გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გენდერული სახელფასო სხვაობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დაუკორექტირებელი ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა 32%-ია. პარალელურად, ყოველ მე-2 ადამიანს მიაჩნია, რომ კაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები, რადგან ისინი ოჯახში მთავარი შემომტანები არიან.

სტერეოტიპული დამოკიდებულებებისა და დისკრიმინაციული სამუშაო გარემოს ცვლილებებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის მიზანია, ბიზნესკომპანიებმა თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დანერგვისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები შეიძინონ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და დასაქმების ადგილზე შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირება შეძლონ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება სასერტიფიკატო პროგრამა „შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენცია, თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვა და ანგარიშგება“, რომელიც წელს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უკვე მეორედ ჩატარდა. სწავლება 20 სხვადასხვა კომპანიიდან 28 მონაწილემ გაიარა. სამდღიანი კურსი 11 ივნისს დასრულდა.

პროგრამის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა გენდერული სახელფასო სხვაობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ, გაეცნენ გენდერული სახელფასო უთანასწორობის გამოვლენისა და ამგვარ შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების საუკეთესო პრაქტიკებს. საგულისხმოა, რომ კურსის მიმდინარეობისას მათ თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) ინსტრუმენტის მნიშვნელობა და გამოყენებაც შეისწავლეს.

შპს “სიემსის” ადამიანური კაპიტალის მენეჯერი ნათია ჯაფარაშვილი, რომელიც პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა, ამბობს, რომ კურსის გავლისას მისი მთავარი მოტივაცია შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენციისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნისა და მეთოდოლოგიის მიღება იყო.

“EPRR ინსტრუმენტის დახმარებით, კომპანიის არსებული მონაცემების გენდერული მიმოხილვა ჩავატარე. ეს დაგვეხმარება, შესაძლო სხვაობების შემცირებაზე ვიმუშაოთ და ჩვენი ორგანიზაციული კულტურა კიდევ უფრო თანასწორი გავხადოთ”,- აღნიშნავს ნათია.

თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი 2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა. ინსტრუმენტი მთლიანად ქართულ კონტექსტზეა მორგებული და ეხმარება ორგანიზაციებს, მარტივად გააანალიზონ დასაქმების ადგილზე შრომის ანაზღაურების საკითხები, შეადარონ იმ დასაქმებულების ანაზღაურებები, რომლებიც თანაბარ სამუშაოს ასრულებენ, აღმოაჩინონ და დროულად აღმოფხვრან გენდერული დისკრიმინაცია.

სასერტიფიკატო პროგრამა „შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენცია, თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვა და ანგარიშგება“ შემუშავდა და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული. ამავდროულად, წლევანდელი კურსი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს. პროგრამას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.