ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის — ბიზნესკომპანიები სამხრეთ კავკასიიდან წარმატებულ პრაქტიკებზე მსჯელობენ

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს სამხრეთ კავკასიაში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიების მხარდაჭერას და ქმნის მათთვის პლატფორმას საუკეთესო პრაქტიკებისა თუ გამოცდილებების გასაზიარებლად.

ამგვარ პლატფორმას წარმოადგენს სამუშაო შეკრებები, რომლებიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ყოველწლიურად იმართება. 18-19 ივნისს, თბილისში ჩატარებული შეხვედრაც მიზნად ისახავდა ფინანსური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ ბიზნესსტრატეგიებში, პროდუქტებსა თუ მომსახურებებში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები დანერგონ და მდგრად წარმატებას ამგვარადაც შეუწყონ ხელი.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე მსჯელობდნენ, ეცნობოდნენ გენდერულად მგრძნობიარე და მდგრადი ფინანსების კონცეფციებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და წარმატებულ მაგალითებს — მეწარმე ქალების მხარდამჭერ პროგრამებს, გენდერულად მგრძნობიარე ფინანსურ პროდუქტებსა და სხვა ინკლუზიურ მექანიზმებს.

ღონისძიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მონაწილეთა მიერ გამოცდილებებისა და იმ პრაქტიკული ნაბიჯების გაზიარება, რომლებიც მათ ქალების მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის გადადგეს. შეხვედრას ფინანსური სექტორის 18 წამყვანი კომპანიიდან 20 წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყო Yelo ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის დირექტორი მაჰბუბა ზიითალიც.

„აქ მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ ბიზნესის მდგრადი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ველი შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა ჩვენი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ინკლუზიური პრაქტიკის გაძლიერებისა და ქალთა ლიდერობის მხარდასაჭერისთვის გამოვიყენო”, - აღნიშნა მაჰბუბა ზიითალმა შეხვედრის შემდგომ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდეს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი, მდგრადი ბიზნესსაზოგადოება, რომელიც გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, რეგულარული სამუშაო შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, გააღრმაონ კავშირები, აღმოაჩინონ თანამშრომლობის შესაძლებლობები და გადადგან ერთობლივი კონკრეტული ნაბიჯები ქალთა გაძლიერებისთვის.

შეხვედრა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, ღონისძიება წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს. პროგრამას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.