გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლიდერობის აკადემიას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
თარიღი:
ფემინისტური ლიდერობა ქმნის გარემოს, რომელშიც სამართლიანობა, თანასწორობა და ინკლუზიურობა საერთო ღირებულებებია — ამ იდეამ და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის სურვილმა 25 ქალი 5 დღის განმავლობაში ლიდერობის აკადემიის სივრცეში გააერთიანა.
სასწავლო პროგრამა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა, 8-12 ივნისს, თბილისში, პირველად ჩატარდა. ლიდერობის აკადემიამ თავი მოუყარა ქალებს დედაქალაქისა და რეგიონების საჯარო და კერძო სექტორებიდან, აკადემიური და სამოქალაქო წრეებიდან.
სწავლების მიმდინარეობისას მონაწილეებმა ფემინისტური ლიდერობის მრავალფეროვან ასპექტებზე იმსჯელეს და ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს. პროგრამა სხვადასხვა თემას აერთიანებდა, მათ შორის იყო ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორია, ფემინისტური ეკონომიკა, კომუნიკაციისა და ნარატივების სათანადოდ ფორმირების მნიშვნელობა, დეზინფორმაციის სპეციფიკა და სხვა აქტუალური საკითხები. მსმენელებმა ინფორმაცია იმ შედეგებზეც მიიღეს, რომლებიც ქალთა მოძრაობების სხვადასხვა ტალღამ მოიტანა და ასევე იმ გამოწვევებზეც იმსჯელეს, რაც ბოლო წლებში ქალთა უფლებების კუთხით არსებულ გლობალურ უკუსვლას მოჰყვა.
დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციებისა და პანელური დისკუსიებისთვის, გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილებები, მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში, დაემყარებინათ ღირებული კონტაქტები და აღმოეჩინათ თანამოაზრეები.
„თავს ფემინისტად მივიჩნევ, ამიტომ როგორც კი აკადემიის შესახებ გავიგე, განაცხადი მაშინვე შევავსე. მართლაც, ყველა დღე უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის შესახებ თეორიული ცოდნის მიღება და მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირება იყო. მჯერა, გაზიარებული ინფორმაციის გამოყენებას ეფექტიანად შევძლებ“, - აღნიშნა აკადემიის დასრულების შემდეგ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კონსულტანტმა, მაკა მაჭავარიანმა.
გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის კუთხით საქართველოში ქალები კვლავაც არაერთ გამოწვევას აწყდებიან. ქვეყნის მოსახლეობის 52% ქალია, თუმცა მათი 55% პროცენტი ეკონომიკურად არააქტიურია, პარლამენტის წევრებს შორის მხოლოდ 17%-ია ქალი, მერებს შორის კი — 3%. ამ მონაცემებს ქალების დასაქმების, პოლიტიკური მონაწილეობის, ოჯახური თანაცხოვრებისა თუ ძალადობის კუთხით არსებული გენდერული სტერეოტიპები და არასწორი წარმოდგენებიც განაპირობებს. შედეგად კი, ფერხდება ქალების შესაძლებლობების რეალიზება და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება.
რეალური ცვლილებების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა მოტივირებული ადამიანების შესაბამისი ცოდნით, უნარებითა და კონტაქტებით გაძლიერებას აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ლიდერობის აკადემიაც. ის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები, პროფესიულ სფეროებში ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და წვლილი შეიტანონ დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საკუთარი გეგმა უკვე აქვს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანსა და სამართლის დოქტორს, ეკა კაველიძეს.
„სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მრავალფეროვანი გამოცდილებები, აქ მოსმენილი პრაქტიკული მაგალითები და რჩევები მარტო ჩემთან არ უნდა დარჩეს. ვაპირებ, ეს ცოდნა სტუდენტებსა თუ ლექტორებამდეც მივიტანო, რათა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე კიდევ უფრო ბევრი ადამიანი დაფიქრდეს“, - აღნიშნავს ეკა კაველიძე.
ლიდერობის აკადემია ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, ინიციატივას ფინანსურად მხარს უჭერს ევროკავშირი, პროგრამა „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.