ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ბათუმში ევროპის დღე აღნიშნა

თარიღი:

ევროპის დღის აღნიშვნა ქალაქ ბათუმში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქართველი ქალების თემატიკით შეუერთდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ევროპის დღის აღნიშვნა ქალაქ ბათუმში. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქართველი ქალების თემატიკით შეუერთდა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროპის დღის აღნიშვნას 11 ივლისს, ბათუმში, ქართველი ქალების თემატიკით შეუერთდა და საქართველოს ისტორიასა თუ თანამედროვეობაში მათი მნიშვნელოვანი როლი წარმოაჩინა.

ლაივ პოდკასტების სივრცეში „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“, სადაც სტუმრები — სპიკერები თუ მსმენელები— საერთო ღირებულებების, შესაძლებლობებისა და მომავლის ირგვლივ გაერთიანდნენ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, ფილოსოფიის დოქტორსა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორს, თამარ ცოფურაშვილს უმასპინძლა.

პოდკასტის მთავარი თემა მედეა იყო — უნიკალური ცოდნის მქონე, გამბედავი, ძლიერი ქალი, რომელიც არაერთი შემოქმედის შთაგონებად იქცა და დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მედეას ისტორიის აღწერები წინააღმდეგობრივია, ყველა მათგანში ნათლად ჩანს ქართველი ქალისა და საქართველოს მჭიდრო ისტორიულ-კულტურული კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან, ხაზგასმულია ქართველების მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მათ თანამედროვე დასავლური კულტურის შექმნაში შეასრულეს. მითი მედეას შესახებ კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მუდმივად ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ცოფურაშვილი საუბრობს მედეაზე — კოლხ ქალზე, რომლის ისტორია საქართველოსა და ევროპის უძველეს კულტურულ და ინტელექტუალურ კავშირებს ადასტურებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ცოფურაშვილი საუბრობს მედეაზე — კოლხ ქალზე, რომლის ისტორია საქართველოსა და ევროპის უძველეს კულტურულ და ინტელექტუალურ კავშირებს ადასტურებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

თამარ ცოფურაშვილმა აღნიშნა, რომ მედეას მითში წარმოდგენილი მახასიათებლები ბერძნულ სამყაროში კოლხეთის კულტურულ-სოციალური ინტეგრაციის მაღალ ხარისხს ცხადად აჩვენებს. მან მედეას შესახებ ფემინისტური პერსპექტივიდანაც ისაუბრა: „მედეა მამის პატრიარქალურ წესრიგს უჯანყდება და პირადი ბედნიერების საძებნელად ამ წესრიგიდან გარბის, თუმცა უცხოეთში უკვე ქმრის პატრიარქალურ წესრიგში ხვდება. ამ მითის ფემინისტური წაკითხვა გვეუბნება, რომ ვიდრე პატრიარქალური წესრიგი იარსებებს, ქალი ბედნიერებას ვერ იპოვის“, - აღნიშნა თამარ ცოფურაშვილმა.

ლაივ პოდკასტის გარდა, ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 30 მეწარმე ქალის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მათი გამორჩეული ნაწარმი, მხარი დაეჭირათ ქალებისთვის, რომლებიც შეზღუდული რესურსებით განსაკუთრებულ პროდუქტებს ქმნიან, აძლიერებენ სოფლებსა და ქვეყანას. მეწარმეებს შორის იყო 33 წლის მართა მუშკუდიანიც — მეღვინე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშიდან, რომელიც “მეღვინეობა მართას” უძღვება და პირველი ქალია, ვინც უსახელოურის ჯიშისგან ბუნებრივად ნახევრად მშრალ ღვინოს აწარმოებს.

“თითოეული ბოთლი ჩემთვის მხოლოდ ღვინო არ არის — ის ჩემი ვენახების, შრომის, ცოდნისა და ლეჩხუმის სიყვარულის გამოხატულებაა. ევროპის დღეზე ახალი კონტაქტები დავამყარე, ღირებული გამოცდილება მივიღე და “მეღვინეობა მართას” ცნობადობა მეტად გავზარდე. ამ გამოფენამ დამარწმუნა, რომ ასეთი ინიციატივები მცირე მეწარმეებისთვის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის”, - აღნიშნა მართამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი ევროპის დღეს მეწარმე ქალებთან ერთად აღნიშნავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი ევროპის დღეს მეწარმე ქალებთან ერთად აღნიშნავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ევროპის დღე ბათუმში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, ათასობით ადამიანთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებთან ერთად აღინიშნა. ამ თარიღმა წელს არაერთი ინტერაქციული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება გააერთიანა, ხელი შეუწყო უნიკალური გამოცდილებებისა და შთამაგონებელი ისტორიების გაზიარებას, სასარგებლო და მჭიდრო კავშირების დამყარებას.

ევროპის დღემ წარმოაჩინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა და ხაზი გაუსვა სხვადასხვა სახის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს თანამშრომლობა გრძელდება, აძლიერებს საზოგადოებას და ხელს უწყობს ქვეყანაში ცხოვრების გაუმჯობესებას. საგულისხმოა, რომ ბათუმში აღნიშვნამდე გაეროს ქალთა ორგანიზაცია წელს ევროპის დღეს 9 მაისს, თბილისშიც შეუერთდა.

მეწარმე ქალების ჯგუფური ფოტო, რომლებიც ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნად გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მეწარმე ქალების ჯგუფური ფოტო, რომლებიც ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნად გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ტექნოლოგიებში გოგოების მონაწილეობის გაძლიერებისა თუ სხვა მიმართულებებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული და ეს თანამშრომლობა ახლაც გრძელდება.

ლაივ პოდკასტი ჩატარდა „გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება. მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა კი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს. პროგრამას, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.