სათემო მუშაკები სოციალური მობილიზაციის შედეგებს აჯამებენ
თარიღი:
სათემო მუშაკებმა და თვითდახმარების ჯგუფების წევრებმა, რომლებიც საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში სოციალური მობილიზაციის კომპონენტში არიან ჩართულები, საქმიანობის შედეგები შეაჯამეს. 24-25 მარტს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე 20-მა მონაწილემ იმ ინიციატივებზე იმსჯელა, რომლებიც მათ 2023 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით განახორციელეს.
ქალებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს, მიღწეული შედეგები წარადგინეს, ისაუბრეს პროექტში ჩართულობის გამოწვევებსა და წარმატებებზე. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები სტრატეგიული კომუნიკაციისა და ამბის თხრობის, საკვანძო გზავნილების ჩამოყალიბებისა და აუდიტორიისთვის წარდგენის პრინციპებსაც გაეცნენ.
სოციალური მობილიზაცია, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალებისა და თემების შესაძლებლობის გაძლიერებას გულისხმობს, „ფონდ ტასოსა” და საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდთან პარტნიორობით, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 36 სოფელში განხორციელდა. მასში 700-მდე მეტი ქალი ჩაერთო. პროექტის მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა და უნარ-ჩვევები როგორც გენდერული თანასწორობის საკითხებში, ისე სათემო ინიციატივების დაგეგმვასა და შესრულებაში. ქალებმა საკუთარ თემებსა და სოფლებში საჭიროებები კვლევა ჩაატარეს, პრიორიტეტები განსაზღვრეს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების იდეები შეიმუშავეს, შემდეგ კი მათ რეალობად ქცევას ერთობლივად შეუდგნენ. სულ ამ პერიოდის განმავლობაში 26 ინიციატივა განხორციელდა.
მონაწილეებს შორის ერთ-ერთი იყო მზია სურმანიძეც — სათემო მუშაკი, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხერთვისში ცხოვრობს და სოციალურ მობილიზაციაში პირველივე დღიდანაა ჩართული. მზია ახლა უკვე 5 სოფელში მუშაობს და 7 თვითდახმარების ჯგუფს უძღვება, რომლებიც დაახლოებით 54-მდე ქალს აერთიანებს.
მზიასა და სხვა ქალების ძალისხმევით, პროექტის ფარგლებში, სოფელ ტოლოშის კულტურის სახლს მუსიკალური ინსტრუმენტები და ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. შედეგად, ბავშვებს, რომლებსაც ფანდურისა და პიანინოს წრეზე სიარული სურთ, მაგრამ ინსტრუმენტები არ აქვთ, მათი გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ. ქალების აქტიურობა სოფელ ხერთვისზეც აისახა: ადგილობრივ ბიბლიოთეკაში უკვე კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი და რბილი ავეჯია ხელმისაწვდომი, რაც სხვადასხვა სასწავლო და შემეცნებითი აქტივობის დაგეგმვას უწყობს ხელს. ამას გარდა, სკვერი მოეწყო სოფელ ნაქალაქევშიც, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვა და იქაურებისთვის შეკრების საყვარელ ადგილად იქცა. მზიამ შემაჯამებელ შეხვედრაზე სწორედ ამ ინიციატივებზე ისაუბრა.
“ამდენი რამ რომ მივიტანეთ, სოფლებისთვის უდიდესი სიხარული იყო, მეც ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი”, - აღნიშნა მზიამ, შემდეგ კი სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება: “სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტული პროექტი იქნება თუ არა. ჯგუფებში ჩემი მუშაობა მაინც გრძელდება, რადგან ქალებს ვერ წავართმევ შესაძლებლობას, რომ საშინაო საქმეს ერთი საათი მაინც მოწყდნენ და სახლებიდან გამოვიდნენ“, - დასძინა მან.
სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 2010 წლიდან სათემო პროექტებისთვის იყენებს. ქალთა ლიდერობისთვის ეს კომპონენტი ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში 2023 წლიდან, პროექტის “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.