ქალთა უფლებების რეგრესი თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე
თარიღი:
პეკინის დეკლარაციისა და მოქმედების პლატფორმის მიღებიდან 30 წლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 25%-ში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით რეგრესი შეინიშნება. უკუსვლა მზარდ დისკრიმინაციასა და ქალთა უფლებადამცველებზე გახშირებულ ძალადობას, სამართლებრივი დაცვის მექანიზმების დასუსტებას, ქალთა მხარდაჭერი პროგრამებისა და ინსტიტუტებისთვის დაფინანსების შემცირებას მოიცავს. ახალი რეალობა საფრთხეს უქმნის მთლიანად ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის ხარისხსა და იმ მონაპოვარს, რომელსაც ქალთა უფლებადამცველებმა, აქტივისტებმა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა და თავად ქალებმა დიდი შრომითა და ბრძოლით მიაღწიეს.
რეგრესის ტალღის შეჩერებაში უდიდესი როლი აქვს ყველა იმ სფეროს, რომელიც ჰუმანურ ღირებულებებსა და ჯანსაღ ორიენტირებს ქმნის, განსაკუთრებით კი მხატვრულ ლიტერატურას, რადგან ის მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს ნათელი იდეების ირგვლივ აერთიანებს.
რას გვაფრთხილებს ლიტერატურა, როგორ ასახავს ის ქალთა უფლებების კუთხით არსებულ გლობალურ უკუსვლას და როგორია კავშირი გამოგონილსა და არსებულ რეალობას შორის — ამ თემების ირგვლივ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პანელურ დისკუსიას “უკან მომავალში: პატრიარქალური რევანში თანამედროვე ლიტერატურაში” უმასპინძლა. დისკუსია ერთ-ერთი პოპულარული და მასშტაბური ღონისძიების, თბილისის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა და მასში გამომცემლობა “მედუზას” დამფუძნებელი, მწერალი მარიამ კვიციანი და, ასევე, მწერლები ნანა აბულაძე და მინდია არაბული მონაწილეობდნენ.
დიკუსიის მიმდინარეობისას სპიკერებმა მიმოიხილეს დისტოპიური ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორც რეალური სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ანარეკლი, გაავლეს პარალელები მწერლების მიერ გამოგონილ სიუჟეტებსა და სინამდვილეს შორის, იმსჯელეს, თუ რატომ იწვევს ქალების პროგრესი და გაძლიერება სისტემურ აგრესიასა და პატრიარქალურ რევანშს და რა როლს ასრულებს ლიტერატურა უთანასწორობასა და უსამართლობასთან ბრძოლაში. როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, თავისუფლება გარანტირებული მოცემულობა არ არის, მას მუდმივი დაცვა სჭირდება.
დისკუსიას თემით დაინტერესებული ადამიანები და წიგნის ბაზრობის სტუმრები დაესწრნენ. მათ შორის იყო მწერალი ელზა გურგენიძეც. “მარგარეტ ეტვუდმა „მხევლის წიგნით” ხილული, დამაჯერებელი და თითქმის ბანალური გახადა უფლებრივი რეგრესის საფრთხე. ლიტერატურა აქრობს ილუზიას, რომ თითქოს ეს აქ არ შეიძლება მოხდეს. ლიტერატურას შეუძლია უარყოს გამარტივება. რეაქციულ ძალებს ქალი ფუნქციებამდე დაჰყავთ — დედობა, ჭურჭელი, სიმბოლო. ლიტერატურა ქალის რთულ, სურვილებითა და რეფლექსიით სავსე წინააღმდეგობრივ შინაგან სამყაროს აჩვენებს, რეალობას ევფემიზმების გარეშე ასახავს. როდესაც აბორტი აბსტრაქტულ პოლიტიკად იქცევა, ლიტერატურა მას ცხოვრებისეული გამოცდილებით ავსებს — შიშით, გათვლებით, რისკით სხეულისთვის, მორალური გაორებით. იგივე ეხება ოჯახურ კონტროლს, ეკონომიკურ დამოკიდებულებას ან ჩუმ იძულებას. ლიტერატურა იზოლაციის დაძლევით ხელს უწყობს სოლიდარობას. მასში ხილული ხდება ქალზე ზეწოლის მრავალი ფორმა და მკითხველი იაზრებს, რომ ეს მხოლოდ მის თავს არ ხდება”, - აღნიშნა ელზა გურგენიძემ დისკუსიის შემდგომ.
თბილისის წიგნის ბაზრობა 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა და მან გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამასა და აქტივობებს — წიგნების პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს, სამუშაო და შემოქმედებით შეხვედრებსა და მასტერკლასებს უმასპინძლა. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს წიგნის ასოციაციაა.
პანელური დისკუსია გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში. პროგრამას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.