ქალები მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის მუშაობას აჯამებენ
თარიღი:
“ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემთვის თავდაჯერებულობის გაზრდა და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება იყო. მივხვდი, რომ რეალურად შემეძლო იმ იდეების განხორციელება, რომელთა შესახებაც მანამდე მხოლოდ ვფიქრობდი. ჩემი ყოველდღიურობა შეიცვალა, თემშიც ადამიანები საერთო საქმეებში უფრო აქტიურად ერთვებიან, თანამშრომლობის სურვილი და ერთმანეთის მხარდაჭერის კულტურა გაჩნდა. ჩვენი გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც მოტივაციაა, რომ არ შეეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის და თავიანთი იდეების რეალობად ქცევის”, - ასე შეაფასა ამიდა ახალაიამ ის გავლენა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტმა „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ მის თემზე იქონია.
ამიდა სათემო მუშაკი და"მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის" წევრია. სამეგრელოს რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. თბილისში ის თვითდახმარების ჯგუფების წევრებისა და სათემო მუშაკების შეკრებაზე ჩამოვიდა, საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და საქმიანობა მათთან ერთად შეაჯამა. შეხვედრაზე, რომელიც 20 მარტს ჩატარდა, ქალებმა პროექტის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები, შედეგები და გამოცდილებები განიხილეს, განხორციელებული სათემო ინიციატივები და წარმატებები წარადგინეს. ამას გარდა, მათ ადგილობრივ გამოწვევებზე, თანამშრომლობების გაძლიერების პერსპექტივებზე, თვითდახმარების ჯგუფების სამომავლო გეგმებსა და ხედვებზეც იმსჯელეს.
პროექტი „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ 2025 წლის აპრილში დაიწყო და 2026 წლის 31 მარტს დასრულდა. ის პარტნიორ ორგანიზაციებთან - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” პარტნიორობით წარიმართა. პროექტს წინ უძღოდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაცია სამიზნე რეგიონებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ამავე პარტნიორებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებდა. ლოკალიზაცია გულისხმობდა ადვოკატირებისა და სათემო ინიციატივების პროცესში დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების მონაწილეობას, მათ გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ადვოკატირების ინიციატივებში ჩართულობას, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას. პროექტი „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ სწორედ ამ საქმიანობის გაგრძელებას წარმოადგენდა.
მონაწილე ქალები აქტიურად მუშაობდნენ სოციალური მობილიზაციის მეთოდის დანერგვასა და სათემო ინიციატივების განხორციელებაზეც. თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ წევრები სისტემატურად იკვლევდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, შესაბამის ნაბიჯებს დგამდნენ და მუდმივად ზრუნავდნენ თემების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. საგულისხმოა, რომ, სამივე პარტნიორი ორგანიზაციის ძალისხმევით, 15 სამიზნე მუნიციპალიტეტში პროექტის მონაწილე ადგილობრივმა ქალებმა 38 სათემო ინიციატივა განახორციელეს. ქალების ძალისხმევით, ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, განათლების თუ სხვა აქტუალური საკითხების შესახებ არსებული არაერთი პრობლემა გადაიჭრა, შეიქმნა მოხალისეობისა და სათემო ცხოვრებაში ჩართულობის გადამდები მაგალითები. თბილისში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამ გამოცდილებებზეც ისაუბრეს.
"თითოეული ინიციატივა მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგია. თემში შეიცვალა შეხედულებები, რუტინული ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა, ცოდნის ამაღლების შესაძლებლობამ ახალგაზრდების ჩართულობაც განაპირობა. ამ პროექტმა მთელი თემი გააერთიანა. საზოგადოებას, რომელიც ადგილზე ჩამოყალიბდა, ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია, მე ამის ძალიან მჯერა",- აღნიშნა ეკა გოგატიშვილმა, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, პერევში ცხოვრობს.
საგულისხმოა, რომ სათემო მობილიზაციაში ჩართული ქალები „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის აქტიური წევრებიც არიან. ქსელი 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ქალსა და ახალგაზრდას აერთიანებს. ყველა მათგანი გადამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინფორმაციის შეგროვებისა და დოკუმენტირების საკითხებში, ჩართულია ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისა და ადვოკატირების პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ქსელს თებერვლიდან უკვე დებულება და მართვის სტრუქტურა აქვს, განსაზღვრულია მისი მიზნები, ამოცანები, სამოქმედო გეგმები და მდგრადი სამომავლო აქტივობები. ჩამოყალიბებულია სამდივნოც, რომლის წევრების მუშაობა მთლიანად მოხალისეობრივ პრინციპებზეა დაფუძნებული.
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, თემის ლიდერი ქალები, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში. მათი მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, პროექტის მონაწილე ქალების და “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის” მხარდაჭერა სამომავლოდაც გაგრძელდება.
პროექტი „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.