გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროპის დღის აღნიშვნას შეუერთდა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას წელსაც საგამოფენო ცენტრმა, „ექსპო ჯორჯიამ“ უმასპინძლა.
გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ მწერალ თამთა მელაშვილისთვის, რომელმაც გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე, ქართველი ქალების თანასწორობისთვის ბრძოლასა და მის საუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა.
თამთა მელაშვილმა წარადგინა გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ვიდეო გენდერული სტერეოტიპების შესახებ, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად აზიანებს ქალებსა თუ კაცებს საზოგადოებაში გავრცელებული მავნე შეხედულებები.
“თანასწორობა ვერ მიიღწევა ისე, თუ ამ ბრძოლაში კაცებიც არ ჩაერთვებიან და თუ კაცებიც არ გაიაზრებენ იმ წნეხსა და დაბრკოლებებს, რასაც მათ პატრიარქატი უქმნის. პატრიარქატის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა კი კაცებმა ქალებისაგან უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ქალებს ამ მხრივ უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს”, - აღნიშნა თამთა მელაშვილმა და გამოსვლა კატო მიქელაძის ემოციური სიტყვებით დაასრულა: “ქალთა უფლებით აღჭურვა თანასწორად მამაკაცთან აუცილებელია, თუ კაცობრიობას არ უნდა, მუდამ იყვეს ჩლუნგი იარაღი ძალმომრეობისა. მაშ, გაუმარჯოს ქალთა სწორუფლიანობას, გაუმარჯოს მებრძოლ ქალებს, გაუმარჯოს ჩვენს ენერგიას”.
ევროპის დღის აღნიშვნას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებიც შეუერთდნენ. მთელი დღის განმავლობაში 50 ქალს, რომელთა შორის უკრაინიდან ლტოლვილებიც იყვნენ, შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი მრავალფეროვანი პროდუქტები — ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სუვენირები და საკვები — ღონისძიების სტუმრებისთვის წარედგინა, გაეყიდა ნაწარმი და ახალი, საინტერესო კავშირები დაემყარებინა.
„ევროპის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური გამოცდილება იყო. ეს თარიღი ჩემთვის თავისუფლებასთან, განვითარებასა და ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება. ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი ვიყავი. ამგვარი ღონისძიებები მეწარმე ქალებისა და ზოგადად ქართული ბრენდების მხარდაჭერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლელა კობახიძემ, რომელიც „ლეკობსის“ ბრენდით ხელნაკეთ ჩანთებს, ქამრებსა და სხვა აქსესუარებს აწარმოებს.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ მომზადებული კვლევის „საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ბარიერები და შესაძლებლობები“ მიხედვით, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გერმანული ფონდის “შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (DSIK) ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მეწარმე ქალებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან ბარიერად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ მეწარმე ქალების 70%-ს საკუთარი ბიზნესის ან წარმოების გარდა შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ გააჩნია. შესაბამისად, სხვადასხვა ღონისძიებასა და გამოფენებში მონაწილეობას, პროდუქტების პოპულარიზაციისა და გაყიდვების ხელშეწყობას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
წლებია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების ხელშეწყობაზე, ევროკავშირის, ნორვეგიის, დანიის, იაპონიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დახმარებით მუშაობს. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც სწორედ ამ პროექტების მონაწილე ქალები იყვნენ წარმოდგენილები.
ღონისძიებას წელს 22 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა. მთელი დღის განმავლობაში „ექსპო ჯორჯია“ სხვადასხვა თემატურ აქტივობას — დისკუსიებს, რეალურ რეჟიმში ჩატარებულ პოდკასტებს, საინტერესო პროექტების წარდგენებს, ჩვენებებსა და პერფორმანსებს აერთიანებდა. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.
ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნის, ინვესტიციებისა და საერთო ღირებულებების საშუალებით. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიულ განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. მისი ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ტექნოლოგიებში გოგოების მონაწილეობის გაძლიერებისა თუ სხვა მიმართულებებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული და ეს თანამშრომლობა ახლაც გრძელდება.
ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს — პროექტს, რომელიც მშვიდობას, თანამშრომლობასა და საერთო კეთილდღეობას ეფუძნება.