შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები კატასტროფების რისკის შემცირებაში საკუთარ როლსა და მონაწილეობას სწავლობენ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია კატასტროფების რისკის შემცირებაში გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური მიდგომების მხარდაჭერას აგრძელებს და ხელს უწყობს შესაბამის პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ჩართულობას. ამ მიზანს ემსახურებოდა ცნობიერების ასამაღლებელი სამდღიანი ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების როლის გაძლიერება კატასტროფის რისკის შემცირებაში”, რომელიც თბილისის შემდეგ ამჯერად ქუთაისში ჩატარდა. მას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შშმ ლიდერი ქალები, შშმ პირთა დედები და დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრენინგის მიმდინარეობისას 30 მონაწილე გაეცნო გენდერისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინფორმაციასა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის იდენტიფიცირების მეთოდებს, ჩაერთო ინტერაქციულ სესიებსა და ჯგუფურ სავარჯიშოებში, რომლებიც მაქსიმალურად იყო მორგებული მათი თემების სპეციფიკასა და საფრთხეებს. დამსწრეებმა ინკლუზიური პრაქტიკების დანერგვის ხერხებზე, ლიდერობაზე, ადვოკატირებასა და ეფექტიან კომუნიკაციაზეც იმუშავეს.
ტრენინგის ნაწილი დაეთმო ერთ-ერთ მონაწილეს, ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის თავმჯდომარეს, მარიამ გარაყანიძეს. მარიამმა, ქალთა ეროვნულ ლიგასთან ერთად, რომელიც ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია, შშმ ქალებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ პროექტი განახორციელა და შარშან და შარშანწინ მათთვის ტრენინგები ჩაატარა. ქუთაისში შეხვედრის დროს მონაწილეებს მან სწორედ ეს ცოდნა გაუზიარა: გააცნო, რა ინფორმაციის გადაცემაა აუცილებელი სასწრაფო დახმარების გამოძახებისას, როგორ ხდება ცეცხლმაქრის გამოყენება, რისგან უნდა შედგებოდეს საევაკუაციო და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩანთები და ა.შ. ამას გარდა, მარიამმა დამსწრეებს წარუდგინა თემატური ციფრული ბარათებიც, რომლებზეც სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციაა დატანილი. საგულისხმოა, რომ ბარათები გახმოვანებულია და უსინათლოებისთვისაც ხელმისაწვდომია.
„აქ რომ მოვდიოდი, იმედი მქონდა, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარების საშუალება მექნებოდა. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ ვიქცევით კატასტროფების დროს, რადგან შესაძლოა, ჩვენ თავად ფიზიკურად ვერ შევძლოთ კონკრეტული დახმარების გაწევა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სხვებს ვასწავლოთ, მითითებები მივცეთ და სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, - აღნიშნა მარიამმა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შშმ ქალების პრაქტიკული უნარებითა და ცოდნით გაძლიერება, რათა მათ სათემო დონეებზე არსებული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირება შეძლონ, მათ შემცირებაში გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები გამოიყენონ და საკუთარ თემებში ინკლუზიური, შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები განახორციელონ.
„ასეთი შეხვედრებისა და ტრენინგებისას ადამიანები რისკების პირობებში პრევენციული ნაბიჯების გადადგმასა და ეფექტიანი რეაგირების გეგმის შედგენას ვსწავლობთ. როცა ეს ყველაფერი გათვლილი გაქვს, თეორიულად იცი, კატასტროფის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე და პანიკა არ გეწყება, უკვე დიდი დახმარებაა. მით უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებიც რეაგირების პროცესში მეტ მხარდაჭერას ვსაჭიროებთ“, - აღნიშნა ტრენინგის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, მარი ნუცუბიძემ.
პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი ქალაქ ზესტაფონის დღის ცენტრის, „ორიონის“ თანამშრომელმა, მარიკა ძოწენიძემაც: „კატასტროფების რისკების გააზრება და მზადყოფნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტრენინგის შემდეგ ბევრად მომზადებული ვარ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, არა მარტო ოჯახის წევრებს, არამედ ჩემი ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსაც დავეხმარო“, - დასძინა მან.
ტრენინგი ორგანიზაციებთან — „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნულ ქსელთან“ თანამშრომლობით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გასულ წელს გენდერისა და კატასტროფების რისკის ტრენერთა ტრენინგი გაიარეს. ახლა კი ისინი კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალების როლის შესახებ ცოდნის გაზიარებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ტრენინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების როლის გაძლიერება კატასტროფის რისკის შემცირებაში” გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.