ქალები პროგრესის სათავეში — გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ლიდერობის შესახებ შეხვედრა გამართა

თარიღი:

პუბლიკაციის „ცვლილებების ხმა: პროგრესისთვის მებრძოლი ქალები საქართველოში“ ავტორი ესმა მანია გამოცემაში თავმოყრილი ქალების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პუბლიკაციის „ცვლილებების ხმა: პროგრესისთვის მებრძოლი ქალები საქართველოში“ ავტორი ესმა მანია გამოცემაში თავმოყრილი ქალების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

როგორ იბრძოდნენ და იბრძვიან ქალები საქართველოს წინსვლისა და უკეთესი მომავლისთვის, როგორია მათი ლიდერობის უწყვეტი ისტორია და როლი, რომელსაც ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასრულებდნენ — გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე “ქალები პროგრესის სათავეში” სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს. შეხვედრა მიზნად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის შესახებ თაობათაშორისი დიალოგის ხელშეწყობასაც ემსახურებოდა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით წარდგნენ შვედეთის ელჩი საქართველოში ანნა ლიბერგი, საქართველოში დანიის ელჩის მოადგილე ანდერს ტრელბორგი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბიონი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი პუბლიკაციის „ცვლილებების ხმა: პროგრესისთვის მებრძოლი ქალები საქართველოში“ პრეზენტაციას დაეთმო. გამოცემა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ესმა მანიას ავტორობითა და მწერალ თამთა მელაშვილის რედაქტირებით მომზადდა. მასში თავმოყრილია ისტორიული მასალები XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქალების — ეკატერინე გაბაშვილის, ანასტასია თუმანიშვილის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის, ქრისტინე შარაშიძის, ნინო და ბარბარე ყიფიანების შესახებ. თითოეულმა მათგანმა, არაერთი ბარიერის მიუხედავად, ქალთა განათლების განვითარებაში, პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებასა და სოციალურ ემანსიპაციაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ამ ქალების ცხოვრება და ბრძოლა არა მხოლოდ ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებას, არამედ თანასწორობისა და სამართლიანობის დამკვიდრებას, უკეთესი მომავლის შენებას ემსახურებოდა და დღესაც შთაგონების წყაროდ რჩება.

ისტორიულად საქართველოში ქალები ყოველთვის პროგრესის სადარაჯოზე იდგნენ. დღეს, როცა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მზარდი ზეწოლისა და გამოწვევების წინაშეა, ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ კი მიზანმიმართულად თუ უნებლიედ არაერთი მცდარი და საზიანო ინფორმაცია ვრცელდება, ქართველი ქალების ისტორიული როლის გააზრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაშინ, როცა საქართველოში გენდერული თანასწორობა ხშირად „თავსმოხვეულ“ თემად წარმოჩინდება, ქვეყნის განვითარებაში ქალების მიერ შეტანილი ისტორიული წვლილის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მშვიდობის ახალგაზრდა აქტივისტი ელენე გურეშიძე ახალგაზრდა ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მშვიდობის ახალგაზრდა აქტივისტი ელენე გურეშიძე ახალგაზრდა ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

“ფემინისტური წარსულის კვლევა გვაძლევს ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ძალიან გვეხმარება წინააღმდეგობისა და ცვლილებისთვის — გლობალური უკუსვლის დროსაც კი. ის გვაძლევს ძალას, რომ ვირწმუნოთ — წინსვლა ყოველთვის შესაძლებელია, თუ ცოდნას არ დავკარგავთ. ამიტომ, ცოდნის წარმოება არ უნდა შეწყდეს, რაც, თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ქალთა უფლებებისთვისა და თანასწორობისთვის ბრძოლა გაგრძელდება“, - აღნიშნა პუბლიკაციის წარდგენისას მწერალმა და მისმა რედაქტორმა, თამთა მელაშვილმა.

ღონისძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი სადისკუსიო პანელი მიეძღვნა ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებსა და საჯარო ცხოვრებაში, ასევე, კვლევის „2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების მიმართ ძალადობა” მთავარი მიგნებების განხილვას. აღინიშნა, რომ კვლევის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს კანდიდატი ქალების 75%-ს ძალადობა გამოუცდია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი პოლიტიკაში მონაწილეობას აგრძელებენ: ძალადობაგამოვლილი კანდიდატი ქალების 85% არჩევნებში მონაწილეობას კვლავაც გეგმავს.

ღონისძიება დასრულდა ახალგაზრდა აქტივისტების პანელით, რომლებმაც საქართველოს მომავალსა და ახალგაზრდა ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. “1919 წელს, იმ დროს, როცა ბევრ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, საქართველოს 5 პარლამენტარი ქალი ჰყავდა. როდესაც ეს ამბავი გავიგე და გავეცანი ქალების ისტორიებს, რომლებმაც დღევანდელი საქართველო შექმნეს, მოტივაცია მომეცა, მათი მემკვიდრეობა გამეგრძელებინა, ჩემს თაობაში გამეზიარებინა და, თანამოაზრეებთან ერთად, პროგრესული ცვლილებებისთვის მიმეღწია. დღეს ქალები არაერთ შემაფერხებელ ბარიერს ვაწყდებით. ჩვენთვის წინააღმდეგობაა, როცა სოციალურ ქსელებში გენდერული დისკრიმინაციის ნორმალიზებას, ქალებზე თავდასხმას ვხედავთ, მაგრამ ამ ფაქტორებმა არ უნდა შეგვაფერხოს, პირიქით: საჭიროა, წინააღმდეგობები შრომის გაძლიერების მოტივაციად ვაქციოთ”, - აღნიშნა ელენე გურეშიძემ, მშვიდობის ახალგაზრდა აქტივისტმა და პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. იგი წარმოადგენდა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ნაწილს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.