გაეროს ქალთა ორგანიზაცია ზრუნვის სერვისების მხარდაჭერას განაგრძობს
თარიღი:
ქალებს, რომლებსაც პროფესიული პოტენციალის რეალიზება და დასაქმება სურთ, ხშირად ხელშემშლელ ბარიერად აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილება ეღობებათ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, ქალების 55.8% ეკონომიკურად არააქტიურია, რაც ყველაზე ხშირად სწორედ არაანაზღაურებადი ზრუნვითაა განპირობებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის დროის გამოყენების კვლევა კი აჩვენებს, რომ ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საშინაო შრომას, ვიდრე კაცები.
ამ გამოწვევის დასაძლევად, საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ზრუნვისა და მხარდაჭერის სერვისების გაძლიერებასა და განვითარებას. 2024 წლიდან მისი დაფინანსებით ტარდება ლიცენზირებული, სერტიფიცირებული ტრენინგკურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტებისა და შინმოვლის სპეციალისტებისთვის, რაც მათ, საჭირო ცოდნასა და უნარებთან ერთად, დასაქმების შანსსაც აძლევს. კურსები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება.
2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში ტრენინგები საქართველოს 15 მუნიციპალიტეტიდან ზრუნვის 128 მუშაკმა გაიარა, მათ შორის 70 — შშმ პირების პერსონალური ასისტენტად, 58 კი შინმოვლის სპეციალისტად გადამზადდა. კურსის განმავლობაში მონაწილეებმა ის თეორიული და პრაქტიკული უნარები შეიძინეს, რომლებიც შშმ პირთა და ხანდაზმულთა ზრუნვის სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლადაა აუცილებელი. სწავლება სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა.
მონაწილეებს შორის იყო 52 წლის მაკა ჯოხაძეც, რომელიც რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. როცა მან ინტერნეტით გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგებზე განცხადება ნახა, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება უკვე ჰქონდა: დიდი ხნის განმავლობაში დედა ხანდაზმულებს უვლიდა და მაკაც მას სულ ეხმარებოდა. ახალი შესაძლებლობის შესახებ რომ შეიტყო, გადაწყვიტა, შშმ პირების პერსონალური ასისტენტის კურსები აუცილებლად გაევლო.
„ბევრი რამ ვისწავლე: გავიგე, ვის როგორ უნდა მივუდგე, როგორ მოვექცე. პრაქტიკიდან მიღებული ცოდნა გავიღრმავე და სიახლეებიც აღმოვაჩინე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სერტიფიკატი იყო. ჩემთვის ეს დოკუმენტი ბევრს ნიშნავს, სხვა უფლებამოსილებასა და თავდაჯერებას მაძლევს“, - ამბობს მაკა, რომელიც ტრენინგების დასრულების შემდეგ უკვე დასაქმდა და ახლა ეტლით მოსარგებლის ასისტენტია.
ქვეყანაში სახელმწიფო ზრუნვის სერვისების განვითარებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია კვლავაც განაგრძობს.
ტრენინგკურსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პერსონალური ასისტენტებისა და შინმოვლის სპეციალისტებისთვის ტარდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.