დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის — ქართული საფინანსო სექტორი ტრადიციას აგრძელებს

თარიღი:

მარცხნიდან მარჯვნივ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ამზაშვილი და დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
მარცხნიდან მარჯვნივ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ამზაშვილი და დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

“უფლებები. სამართლიანობა. მოქმედება. ყველა ქალისა და გოგოსთვის” — ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქართული საფინანსო სექტორი ამ გზავნილის ირგვლივ გაერთიანდა და გლობალურ ტრადიციას “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” კვლავაც შეუერთდა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟასა და მსოფლიო ბანკის ჯგუფთან პარტნიორობით ჩატარდა, ამჯერად თელავმა უმასპინძლა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კერძო სექტორის როლს ქალთა გაძლიერებაში და წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად გენდერული თანასწორობა კორპორაციული ლიდერობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში.

ამავდროულად, ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელმა მთავარმა თემამ “უფლებები. სამართლიანობა. მოქმედება. ყველა ქალისა და გოგოსთვის” კიდევ ერთხელ შეახსენა ბიზნესსა და საფინანსო სექტორს, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულებები კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაქმნან და, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერით, ხელი შეუწყონ ბიზნესების მომგებიანობასა და მდგრადობას.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საბანკო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და მეწარმე ქალები ესწრებოდნენ. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორმა, გიორგი ამზაშვილმა, დანიის სამეფოს ელჩმა საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროგრამების უფროსმა ოფიცერმა, ნინო უძილაურმა.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო გერმანული ფონდის, „შპარკასე საქართველოსა” და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სეგმენტაციის კვლევის “მეწარმე ქალების ფინანსებზე წვდომის” ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს. აღინიშნა, რომ საქართველოში მეწარმე ქალები ფინანსებზე წვდომის თვალსაზრისით, კვლავაც არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, რაც მათ ბიზნესის წამოწყებაში, შენარჩუნებასა და გაფართოებაში უშლის ხელს. ძირითად ბარიერებს შორისაა სესხის მაღალი პროცენტი, წარუმატებლობის ან რისკის შიში, ბიზნესკონტაქტების პრობლემა, ფინანსური ცოდნის ნაკლებობა, ქალთა საკუთრებაში არსებული აქტივების, განსაკუთრებით უძრავი ქონების არარსებობა და დაბალი ინფორმირებულობა მხარდამჭერი პროგრამების შესახებ.

კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ არსებული გენდერულად ნეიტრალური პროდუქტები მეწარმე ქალების საჭიროებებს ვერ პასუხობს, ფინანსური ინსტიტუტების უმრავლესობას კი მათ მხარდასაჭერად სპეციფიკური სტრატეგია ან პროგრამა არ აქვს. მეწარმე ქალებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები საქართველოში უმეტესწილად საერთაშორისო ორგანიზაციების წახალისებით ვითარდება.

საქართველოს საბანკო ასოციაციის კომუნიკაციებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი სალომე მაკარიძე საკუთარ გამოცდილებასა და საფინანსო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოებში მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
საქართველოს საბანკო ასოციაციის კომუნიკაციებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი სალომე მაკარიძე საკუთარ გამოცდილებასა და საფინანსო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოებში მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

კვლევის შედეგებსა და მიგნებებზე მსჯელობის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია “ჰარვარდის ლიდერობის პროგრამის შედეგები: ქალები საფინანსო სექტორში”. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსურ სექტორში დასაქმებული ქალები, რომლებმაც გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჰარვარდის ლიდერობის პროგრამა გაიარეს. მათ საკუთარ გამოცდილებასა და საფინანსო ორგანიზაციების სამეთვალყურეო საბჭოებში მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის კომუნიკაციებისა და პროექტების მიმართულების ხელმძღვანელმა, სალომე მაკარიძემ აღნიშნა, კვლავაც არსებობს ბარიერები, რომელთა გამოც ქალები საბანკო სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს დონეებზე ნაკლებად არიან წარმოდგენილები.

“მნიშვნელოვანია ღიად საუბარი ამ გამოწვევასა და მისი დაძლევის გზებზე. საკვანძო მიმართულება კი ცნობიერების გაზრდაა და ჰარვარდის პროგრამა სწორედ ამის მაგალითი იყო. მან გააერთიანა საფინანსო სექტორის ლიდერი ქალები და შექმნა პლატფორმა გამოცდილების გაზიარებისა და ლიდერული უნარების გაძლიერებისთვის”, - აღნიშნა სალომე მაკარიძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” საქართველოში ყოველწლიურად იმართება. საგულისხმოა, რომ გასულ წელს ღონისძიება ქუთაისში ჩატარდა და ხელი შეუწყო ინკლუზიურობასა და იმ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ. წლევანდელი ღონისძიების თელავში გამართვა სწორედ ამ ინკლუზიურობის მხარდაჭერის გაგრძელებას წარმოადგენდა.

ღონისძიება “დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის” ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში. პროგრამას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.