ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შესახებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე იმსჯელეს

თარიღი:

ევროპული ბიზნესასოციაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია მასპინძლობს პანელურ დისკუსიას “ბიზნესგადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის — ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემო”. ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ევროპული ბიზნესასოციაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია მასპინძლობს პანელურ დისკუსიას “ბიზნესგადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის — ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემო”. ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე, რომელიც ევროპული ბიზნესასოციაციის ინიციატივით გაიმართა, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პანელურ დისკუსიას “ბიზნესგადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის — ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემო” უმასპინძლა. სესიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების — „პროკრედიტ ბანკის“, „ბიდიო საქართველოს“, „მიკრობანკ კრისტალის“, „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „კარაპს მედლაინის“ ხელმძღვანელებმა. მათ ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნის სტრატეგიებსა თუ მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ დადებით შედეგებზე, რომლებიც ზრუნვის მხარდამჭერის გარემოს შექმნას ბიზნესორგანიზაციისთვის მოაქვს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული დროის გამოყენების კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს კი წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი საათი და 10 მილიარდი ლარია. არსებული უსამართლო განაწილება ქალებს ხშირად ართმევს დასაქმების, კარიერული განვითარებისა და წამყვან პოზიციებზე დაწინაურების შესაძლებლობებს. პარალელურად, შრომა, რომელსაც საზოგადოების ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში უდიდესი წვლილი შეაქვს, უმეტესად აუნაზღაურებელი და დაუფასებელი რჩება. პანელურ დისკუსიის შესავალ ნაწილში სწორედ ამ მნიშვნელოვან მონაცემებს გაესვა ხაზი. აღინიშნა ისიც, რომ 2021 წელს აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 20.5% იყო და ამ შრომის 82.4%-ს სწორედ ქალები ასრულებდნენ. შესაბამისად, თანამედროვე ბიზნესი, შრომის ბაზარი და ეკონომიკური ზრდა დგას სისტემაზე, რომლის საფუძველი უთანასწორო განაწილებაა.

პარალელურად, დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ როლზე, რომელსაც გენდერული თანასწორობა ლიდერობის, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებაში ასრულებს. ამავდროულად, ხაზი გაუსვეს, რომ კომპანიები ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ინკლუზიურობისა და ქალების სრულფასოვანი ჩართულობის მხარდაჭერით, არა მარტო ხელს უწყობენ ორგანიზაციების ზრდას, არამედ კარგ მაგალითებსაც ქმნიან.

პანელური დისკუსიისას საკუთარ პრაქტიკაზე ისაუბრა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ: „2019 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები ვართ. ამ გზაზე უკვე წლებია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ჩვენი ჩართულობა ქალთა გაძლიერების პროცესში კიდევ უფრო აქტიური და ეფექტიანი გავხადოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომპანიაში დასაქმებულთა 75%-ს კაცები შეადგენენ. ჩვენთვის თანამშრომლებს შორის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მრავალფეროვან ინიციატივებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ვქმნით ისეთ გარემოს, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის წევრებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს, ხოლო, მეორე მხრივ, საავტომობილო ინდუსტრიაში პროფესიონალ ქალებს იზიდავს. ეს კი უკვე აისახება გაუმჯობესებულ ციფრებსა და გარემოში“,- აღნიშნა ეკატერინე ქავთარაძემ.

საგულისხმოა, რომ ფორუმზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა მეორე პანელური დისკუსიაც თემაზე „აკადემიისა და ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებასა და ტექნოლოგიურ სექტორში გენდერული ბალანსის შექმნაში“. მონაწილეებმა ხაზი იმ პროექტების მნიშვნელობასაც გაუსვეს, რომლებსაც წლებია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის მხარდასაჭერად ახორციელებს.

ევროპული ბიზნესასოციაციის ფორუმმა წელს ბიზნესლიდერები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის წამყვანი პროფესიონალები ინკლუზიური ბიზნესგარემოს თემის ირგვლივ გააერთიანა. ის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებას მიეძღვნა. ღონისძიების ერთ-ერთი ნაწილი იყო EBA4Women-ის დაჯილდოება, რომელმაც კერძო სექტორიდან გამარჯვებულები სამ ნომინაციაში — წლის ლიდერი ქალი, წლის ქალთა გაძლიერების პროექტი და კაცი ჩემპიონი გამოავლინა. ფორუმს ესწრებოდნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ზანე რუნგულე, დანიის ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი, ლატვიის ელჩმა საქართველოში ედიტე მედნე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სტელა რენიტა.

ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს ირგვლივ პანელური დისკუსია და ფორუმის მხარდაჭერა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.