ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემო Forbes Women Conference-ის ფოკუსში

თარიღი:

კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან სამუშაო შეხვედრას ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შესახებ. ფოტო: Forbes Women Conference
კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან სამუშაო შეხვედრას ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შესახებ. ფოტო: Forbes Women Conference

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს პოპულარიზაციაზე და ამ მიზნით არაერთ საინტერესო პლატფორმას იყენებს. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობას წარმოადგენდა Forbes Women Conference, რომელმაც 7 მარტს, თბილისში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი, ლიდერი და ინოვატორი ქალები გააერთიანა.

ღონისძიების ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა “არის თუ არა ჩემი კომპანია ზრუნვის მხარდამჭერი” გამართა. ინიციატივა ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ ორგანიზაციებში პოზიტიური ცვლილებების წახალისებას ემსახურებოდა.

ინტერაქციული შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრეები გაეცნენ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში დროის გამოყენებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ არსებული დამოკიდებულებების შესახებ. ასევე, მოისმინეს, თუ რა გავლენას ახდენს ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თანამშრომლის პროდუქტიულობასა და ლოიალობაზე სამუშაო გარემოს მიმართ, განიხილეს საკუთარ კომპანიებსა თუ ზოგადად შრომის ბაზარზე არსებული პრაქტიკები, მოქნილი სამუშაო მოდელები, მშობლის შვებულება, დისტანციური გრაფიკი და ის მექანიზმები, რომლებიც თანამშრომლებს ზრუნვის პასუხისმგებლობების შეთავსებაში ეხმარება.

“წარმოდგენილმა თემებმა და მონაცემებმა რეალობა კიდევ უფრო ნათლად დამანახა. დამაფიქრა იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც ქალები როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში ხშირად ვდგავართ. განსაკუთრებით საგულისხმო იყო საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალების რეალიზების შესაძლებლობები, დაუფასებელი შრომა, კარიერული წინსვლის სირთულეები და გამოწვევები, რომლებსაც დედობისა და პროფესიული განვითარების შეთავსებისას ბევრი ჩვენგანი ვაწყდებით. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რამდენად საჭიროა ამ თემებზე ღიად საუბარი, აქტიური დისკუსია, ცნობიერების ამაღლება და თანასწორი შესაძლებლობების გაძლიერება საზოგადოებაში”, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კესო ბიგვავამ, „კრისტალ ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერმა, რომლის კომპანიაც სამშენებლო-დეველოპერული და სტუმარმასპინძლობის მიმართულებებით საქმიანობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრის პარალელურად, Forbes Women Conference 2026-მა წელს ქალებს არაერთი საინტერესო გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცა: ღონისძიების პირველი ნაწილი მოკლე და დინამიკურ პრეზენტაციებს დაეთმო. სპიკერებმა სტუმრებს გავლილი გზის შესახებ უამბეს და იმ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებმაც მათი წარმატება განაპირობა. Forbes Women Conference-ის მეორე ნაწილი კი ლიდერობასა და მომავლის გადაწყვეტილებებზე პანელურ დისკუსიებს მიეძღვნა. ზოგადად, ღონისძიება და მისი მრავალფეროვანი აქტივობები ახალი ცოდნის მიღებისა და გავრცელების კარგი პლატფორმაა. კესო ბიგვავა ამბობს, ამ შესაძლებლობას პროფესიულ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად გამოიყენებს. “თითოეულ ადამიანს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს უფრო თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებაში — იქნება ეს სამუშაო სივრცეში სამართლიანი შესაძლებლობების მხარდაჭერა თუ საზოგადოებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების მიმართ კრიტიკული მიდგომის განვითარება”, - აღნიშნავს ის.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ზრუნვის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს ირგვლივ ცნობიერების ამაღლებისა და მსჯელობის ხელშეწყობას სამომავლოდაც განაგრძობს.