საქართველო ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მხარდამჭერ სერვისებს აუმჯობესებს
თარიღი:
ფოტო სიმბოლო. საქართველოში ამჟამად უკვე ფუნქციონირებს 9 კრიზისული ცენტრი, რაც ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სამართლიანობასა და მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
სამართლიანობა ყველა ქალისა და გოგოსთვის კანონებში, ბიუჯეტებში, ინსტიტუტებსა და რეალურ ცხოვრებაში უნდა აისახოს. სამართლიანობა მხოლოდ ინსტიტუტების მიერ არ შენდება, ამიტომ ყველა ძალისხმევა, რომელიც მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, მნიშვნელოვანია. საქართველოში ძალადობაგამოვლილი ქალები აუცილებელ სერვისებზე წვდომისას ბარიერებს კვლავაც აწყდებიან, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოებაზე მუშაობს. ეს ცენტრები ძალადობის მსხვერპლებს იურიდიულ დახმარებას, ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, სოციალური მუშაკის მხარდაჭერას და იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას სთავაზობს, რომელიც მათ ძალადობის ციკლის გარღვევაში ეხმარება. საქართველოში ამჟამად უკვე ფუნქციონირებს 9 კრიზისული ცენტრი, რაც ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სამართლიანობასა და მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
„პანიკური შეტევები მქონდა და ექიმმა მირჩია, ფსიქოლოგთანაც მივსულიყავი. სპეციალისტის ძებნა ახლომახლო დავიწყე, რადგან თბილისში სიარულს დამატებითი დრო და თანხები სჭირდებოდა. ასე აღმოვაჩინე ახმეტის კრიზისული ცენტრი, სადაც უკვე 6 თვეა ფსიქოლოგის კონსულტაციებს უსასყიდლოდ გავდივარ. ახლა ბევრად უკეთ ვარ, ეს დახმარება ჩემთვის დიდი შვებაა“, - ამბობს 56 წლის თამარი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ცხოვრობს*.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის 2022 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში პარტნიორის მხრიდან ძალადობის გამოცდილების მქონე 10 ქალიდან 7 სულ მცირე ერთ ფსიქოლოგიურ სიმპტომზე მაინც საუბრობს, რაც მიანიშნებს, რომ პარტნიორის მხრიდან ძალადობა მძიმე კვალს არაერთი ქალის მენტალურ ჯანმრთელობაზე ტოვებს.
თამარს ორი შვილი ჰყავს. თითქმის 15 წელია განქორწინებულია, თუმცა ტრავმას, რომელიც ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრებისას მიიღო, დღემდე ებრძვის. ახმეტის კრიზისული ცენტრის პერსონალი მისი და იმ 43 ქალის მთავარი მხარდამჭერია, რომლებმაც დახმარება თამარის მსგავსად მიიღეს. ცენტრი 2024 წლის დასაწყისში ამოქმედდა. ის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მხარდაჭერით გაიხსნა და საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდთან თანამშრომლობით ფუნქციონირებს.
“ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციასთან ერთად, ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის სერვისების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ერთ-ერთი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან, განვითარების პარტნიორებსა და კერძო სექტორთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოებასა და დახვეწაზე მუშაობს”, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა.
ამჟამად საქართველოში 9 კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორის 7-ს სახელმწიფო კურირებს, 2-ს კი — ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.
ახმეტის კრიზისული ცენტრი — სოლიდარობის სივრცე
ახმეტის კრიზისული ცენტრი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალებს იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგის მომსახურებასა და სოციალური მუშაკის სერვისებს სთავაზობს, მუშაობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა თუ რეაგირების, არსებული სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების გაზრდაზე. ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ოთახიც, სადაც დედებს სერვისებით სარგებლობისას შვილების დროებით დატოვება შეუძლიათ.
ბავშვთა ოთახი ახმეტის კრიზისულ ცენტრში. ფოტო: გაერო/გელა ბედიანაშვილი
როგორც საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური ამბობს, ახმეტის კრიზისული ცენტრის დახმარებით, განცდილ ძალადობაზე ხმამაღლა სულ უფრო მეტი ქალი ლაპარაკობს და მხარდაჭერასაც ითხოვს. ეს ადგილი იქცა სოლიდარობის სივრცედ, რომლის დახმარებითაც ბევრმა მათგანმა ძალადობისგან თავის დაღწევა და ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო.
“ძალადობის პრობლემა ჩვენს მუნიციპალიტეტში მწვავედ დგას. უამრავი ქალი სახლში თავადაც შემიფარებია, ამიტომ სულ მინდოდა, ახმეტაში პანკისელი ქალების საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული სივრცე ყოფილიყო. ცენტრის ამოქმედება რომ შემომთავაზეს, ენთუზიაზმით დავთანხმდი. გახსნის შემდეგ ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ჩვენი სერვისებით სარგებლობაც ბევრმა დაიწყო.”
იზა ბექაური, საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის ხელმძღვანელი
Image
ახმეტის კრიზისულ ცენტრს თვეში 5-7 ქალი აკითხავს. იზა ბექაური აღნიშნავს, რომ ზოგ მათგანს ურჩევნია, ბენეფიციარად ოფიციალურად არც დარეგისტრირდეს და სერვისებით ისე ისარგებლოს. „სამწუხაროდ, ეკონომიკური შემოსავლისა და საცხოვრებლის არქონის გამო, ბევრი ქალი ძალადობას ისევ ითმენს. ასეთ დროს სჭირდებათ მათ გაძლიერება და ჩვენი მხარდაჭერა, ცოდნა, რომ მარტო არ არიან, გვერდით ვუდგავართ“, - ამბობს ის.
სოციალური ნორმები და სტიგმების გამო, ქალები კვლავაც დუმან
საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა დისკრიმინაციული გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების გამო, არა მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში, არამედ მთლიანად ქვეყანაში, ბევრი ქალი ძალადობის შესახებ კვლავაც დუმს. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის 2022 წლის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მესამედზე მეტს (38.2%) გადატანილი ძალადობის შესახებ არავისთვის უთქვამს.
„ეს სივრცე ძალიან დიდ როლს ასრულებს. მე, მაგალითად, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ვიღებ, თუმცა სხვა ქალებს, რომლებსაც იურიდიული კონსულტაცია სჭირდებათ, კანონებს უხსნიან, მაგალითებით განუმარტავენ, ეუბნებიან, რისი უფლება აქვთ, რა შეუძლიათ, აძლიერებენ, გამოსავლის მოძებნაში ეხმარებიან“, - აღნიშნავს თამარ მაჭარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კრიზისული ცენტრის გუნდი ყველა ქალს ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციასაც აწვდის. “მე ამითაც ბედნიერი ვარ, რომ ქალებმა იციან: რაც არ უნდა გაუჭირდეთ, შეუძლიათ, ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენი იმედი ჰქონდეთ”, - დასძენს იზა ბექაური.
ახმეტის კრიზისული ცენტრი გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ (UNJP4GE) ფარგლებში გაიხსნა და ამავე პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს.