გენდერული პერსპექტივა კატასტროფის რისკის შემცირებაში — გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას აგრძელებს

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურად შესრულებულ სავარჯიშოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურად შესრულებულ სავარჯიშოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

როგორ უნდა მოხდეს გენდერული პერსპექტივის პრაქტიკული გამოყენება კლიმატის ცვლილებასა და კატასტროფის რისკის შემცირებაში — ამ მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადების შემდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

27-28 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კლიმატის ცვლილებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის წევრები ესწრებოდნენ. ქსელი, რომელიც ახლა უკვე 17 ორგანიზაციის 41 წარმომადგენელს აერთიანებს, 2025 წლის ივნისში ჩამოყალიბდა. მისი საქმიანობა კატასტროფის რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში ქალთა ჩართულობის გაძლიერება, ასევე, რეგიონულ და გლობალურ პლატფორმებთან მათი დაკავშირებაა. ორი დღის განმავლობაში ქსელის წევრებმა დაგროვილი გამოცდილება და მიღწევები შეაფასეს, მიმოიხილეს არსებული ბარიერები და გამოწვევები, ხელშემწყობი ფაქტორები და შესაძლებლობები, იმსჯელეს სამომავლო პრიორიტეტებსა და ამოცანებზე.

სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა მიიღეს განახლებული ინფორმაცია საერთაშორისო ჩარჩოებისა და პროცესების — კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის გენდერის სამოქმედო გეგმის (Sendai GAP), გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა (UNFCCC) და მხარეთა კონფერენციის (COP) შესახებ, გაეცნენ მათ განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ამას გარდა, სამუშაო შეხვედრის დროს ქსელის წევრებმა განიხილეს ადგილობრივი საჭიროებები, იმსჯელეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობასა და როლზე. შეხვედრის მნიშვნელოვანი მიზანი იყო ქსელის ერთიანი მუშაობის ხელშეწყობა იმ პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, რომლებსაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ სენდაის გენდერის სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს.

“მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ. შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გაგვეაზრებინა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პროცესები კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ. განსაკუთრებით ღირებული იყო საერთაშორისო კონსულტანტის მიერ გაზიარებული პრაქტიკული გამოცდილება და მაგალითები, რომლებმაც დაგვანახა, როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობა ამ პროცესებში. მიღებული ცოდნა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შესაბამის თემებზე ტრენინგები უკვე ჩავატარე და მათთან მუშაობას მომავალშიც ვაგრძელებ. ეს გამოცდილება დამეხმარება, რომ შშმ პირთა საჭიროებები კიდევ უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული კატასტროფის რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ პროცესებში”, - აღნიშნა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტმა, სოფიკო მენაბდიშვილმა, რომელიც პრაქტიკოსთა ქსელის წევრი და ერთ-ერთი ტრენერია.

საგულისხმოა, რომ ქსელის წევრებს, სოფიკოს მსგავსად, გავლილი აქვთ ტრენერთა ტრენინგი 2025 წლის ივნისში, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ქსელი და მიღებულ ცოდნას ისინი სხვადასხვა ჯგუფს უზიარებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გენდერის, კატასტროფების რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის საკითხებზე შემუშავებულია სახელმძღვანელოც, რომელსაც ტრენერები სწავლებისას იყენებენ.

სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ნაწილს, რომელიც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი საქართველოში კატასტროფების მიმართ ქალებისა და გოგოების მედეგობის გაძლიერებაა.