გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის

თარიღი:

კახეთში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
კახეთში გამართული საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 2025 წლის განმავლობაში ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, დაიგეგმა და ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლებიც რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და აქტივისტების საჭიროებების შესწავლასა და შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა.

ინიციატივამ კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები მოიცვა. შეხვედრების მიმდინარეობისას 50-მდე მონაწილემ იმსჯელა, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე, განიხილა საჭიროებები, გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც ადგილობრივად არსებობს.

„ასეთი ინიციატივები საჭიროებებზეა ორიენტირებული და მადლიერების განცდას გიტოვებს იმ ყველა ადამიანისა თუ ორგანიზაციის მიმართ, რომლებმაც რთულ დროში ქალების მოსმენისთვის მოიცალეს, მიიჩნიეს, რომ თუ ვინმეს რამე კარგი უკეთებია ამ ქვეყანაში, მის განვითარებაზე უზრუნია, მათ შორის, უპირველესაც სწორედ რეგიონებში მცხოვრები ქალები არიან. ამგვარი შეხვედრები ძალას გვაძლევს“, - აღნიშნა მარიკო წიქორიძემ — ერთ-ერთმა მონაწილემ ქვემო ქართლის რეგიონიდან, რომელიც CENN-ის პროექტების კოორდინატორი და ქალთა სათემო რადიო WW-ის დამფუძნებელია.

საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივის მიზნებს შორის იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის იმ ახალი და პოპულარული საკომუნიკაციო ფორმების გაცნობაც, რომლებიც მათ მნიშვნელოვანი გზავნილების საზოგადოებამდე ეფექტიანად მიტანაში დაეხმარება.

„გავიცანი საინტერესო და ძლიერი ქალები, რომელთა ისტორიებიც მართლაც შთამაგონებელი აღმოჩნდა. ქალების უფლებების დაცვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევაში კონტენტის შემქმნელების მეტ ჩართულობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ილუსტრაციები, ვიდეოები თუ ტექსტები უჩინარ ხმებსაც აძლიერებს და რთულ თემებს ისე ემოციურად, ფართო აუდიტორიისთვის გასაგებად გადმოსცემს, რომ ერთი კარგად მოყოლილი ამბავი ათასობის ადამიანს შეეხება, სოლიდარობის განცდას გააძლიერებს“, -აღნიშნა ილუსტრატორმა, თაკო სირაძემ, რომელსაც სურს, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში გამოიყენოს.

შეხვედრები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელსაც ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და, ასევე, პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ხორციელდება.