მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენები — გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარის“ წარმატებული თანამშრომლობა

თარიღი:

მრავალფეროვანი კონცეფციის კვების მოლი „ბაზარი“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მრავალფეროვანი კონცეფციის კვების მოლი „ბაზარი“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებთან ერთად, ხელს უწყობს მეწარმე ქალებისთვის მათი საქმიანობის მხარდამჭერი, სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზანს ისახავდა მრავალფეროვანი კონცეფციის კვების მოლთან, „ბაზართან“ პარტნიორობაც, რომელიც 2025 წლის მარტში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდა. თანამშრომლობის ფარგლებში, “ბაზარი” უსასყიდლოდ უთმობდა სივრცეს გამოფენა-გაყიდვებს, რომლებზეც მეწარმე ქალები საკუთარ პროდუქტებს წარადგენდნენ.

გამოფენა-გაყიდვები თვეში ერთხელ, სამი დღის განმავლობაში — პარასკევს, შაბათსა და კვირას იმართებოდა. სულ ინიციატივაში 330-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, ქალები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები ჰყავთ, ლტოლვილები, პრობაციონერები და ყოფილი პატიმრები, საოჯახო მშრომელები და არაფორმალურად დასაქმებული ქალები. გამოფენა-გაყიდვების მონაწილეები დამთვალიერებლებს მრავალფეროვან პროდუქციას — საკვებსა და სასმელს, სუვენირებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს სთავაზობდნენ. ბევრი მათგანისთვის ეს სადებიუტო საგამოფენო გამოცდილება იყო.

როგორც მეწარმე ქალები აღნიშნავენ, ინიციატივა გაყიდვების გაზრდისა და სასარგებლო კავშირების დამყარების კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

“გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწყობილი გამოფენა-გაყიდვები, რომლებიც მეწარმე ქალების განვითარებასა და წინსვლას უწყობს ხელს, დროული და საჭირო ინიციატივაა. პირადად მე მან ძალიან ბევრი რამ მომცა: მომხმარებლებთან ახალი კონტაქტები დავამყარე, მივიღე შეკვეთები, გავზარდე ცნობადობა, იმიჯი და სანდოობა. მოხარული ვიქნები თუ გამოფენების სერია კვლავაც გაგრძელდება”, - აღნიშნავს თათია პაქსაშვილი, რომელიც “გურაბანის” ბრენდით ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის. თათიას გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.

ინიციატივამ მონაწილეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისთვის, მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციისა და სასარგებლო კავშირების დამყარებისთვის, პრეზენტაციისა და სხვა ღირებული უნარების გამომუშავებისთვის ახალი, მნიშვნელოვანი პლატფორმა შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გაიზარდა მეწარმე ქალების პროდუქტების გვერდების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი დიდი ნაწილი ნაწარმს სწორედ ონლაინპლატფორმებით ყიდის.

გამოფენების პარალელურად, მეწარმე ქალების საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით, დაიგეგმა მათთვის სასარგებლო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ინიციატივებიც: ჩატარდა პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები, რომელთა მონაწილეებმაც ბრენდისა და იდენტობის, პროდუქტების ფოტოგადაღებისა და სოციალურ მედიაპლატფორმებზე წარმოჩენის კუთხით ახალი, მნიშვნელოვანი უნარები შეიძინეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და “ბაზარი” ინიციატივას 2026 წელსაც განაგრძობენ და მეწარმე ქალებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში კვლავაც დაეხმარებიან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარის“ თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილია, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ.