გაეროს ქალთა ორგანიზაცია ოჯახში დასაქმებულთა უფლებების ადვოკატირებას აგრძელებს

თარიღი:

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ოჯახში დასაქმებულების უფლებებისა და გამოწვევების შესახებ. ფოტო: ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ოჯახში დასაქმებულების უფლებებისა და გამოწვევების შესახებ. ფოტო: ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საოჯახო მშრომელების უფლებებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ადვოკატირების მხარდაჭერას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც, ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციასა და საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფესიულ კავშირთან თანამშრომლობით, სექტემბრის თვეში ჩატარდა. შეხვედრები მედიის, სამოქალაქო სექტორისა და პროფკავშირის წარმომადგენლებთან გაიმართა. მათი მიმდინარეობისას მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის, ასევე, საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფესიული კავშირის საქმიანობის შესახებ, მიმოიხილეს ოჯახში დასაქმების, როგორც არაფორმალური შრომის სპეციფიკა, საოჯახო მშრომელების ამჟამინდელი უფლებრივი მდგომარეობა და საოჯახო შრომის ფორმირებაში სახელმწიფოს როლი. ამას გარდა, ყურადღება გამახვილდა კვლევის „უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში” შედეგებსა და პოლიტიკის ცვლილების ხედვაზე, რომლის მიხედვითაც ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია საოჯახო შრომის საკითხზე მუშობას გეგმავს.

საქართველოში ადგილობრივი კანონმდებლობა ოჯახში დასაქმების ცნებას არ ცნობს, ქვეყანას არც ოჯახში დასაქმებულების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2011 წელს მიღებული კონვენცია აქვს რატიფიცირებული. შესაბამისად, ოჯახში დასაქმებულები იმ საბაზისო უფლებებითა და სიკეთეებით, რომლებსაც ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ვერ სარგებლობენ. საქართველოში ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა — 96% ქალია. არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ჯგუფებთან მიზნობრივ კომუნიკაციას, რომლებიც შრომით უფლებებზე მუშაობენ და გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და პოლიტიკის ცვლილებაზე. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, რომელთათვისაც ოჯახში დასაქმებულების უფლებები შედარებით ახალ თემას წარმოადგენს.

“საოჯახო მშრომელები არაფორმალური დასაქმების პირობებში ხშირად ისეთ უმძიმეს შრომით პირობებში არიან, როგორებიცაა უკონტროლო სამუშაო საათები, დაბალი ანაზღაურება, კონტრაქტების არარსებობა და სამართლებრივი დაუცველობა. ვინ არის საოჯახო მშრომელი, როგორია მისი სოციალური პროფილი, რა გზას გადის ადამიანი ზრუნვის შრომაში ჩასაბმელად — ამ თემებზე დღემდე ძალიან ცოტა ვიცით, რადგან მათ არავინ იკვლევდა. შესაბამისი საკითხებით მედიის დაინტერესება ზრუნვის შრომაში ჩართული ადამიანების ხილვადობას გაზრდის და დიდ წვლილს შეიტანს მათთვის შრომითი უფლებების ხელმისაწვდომობის გაზრდაში”, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტმა, თეო ქავთარაძემ.

საოჯახო მშრომელებმა გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა 2020 წლიდან დაიწყეს. უკვე 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში დასაქმებული ქალების გაძლიერების, მათი შრომითი და სოციალური უფლებების დასაცავად, ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია იურიდიულად დაფუძნდა. 2024 წელს ამ გაერთიანებამ საოჯახო მშრომელების დასაქმების ცენტრიც დააარსა, მიმდინარე წლის ივნისში კი საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფესიული კავშირი დააფუძნა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის თანამშრომლობა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. პროექტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.