გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს კატასტროფების რისკის შემცირებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მონაწილეობას

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს წარადგენენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მიდგომის “არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა” გათვალისწინება განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების ჩართულობას ეხება. ეს თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კატასტროფების რისკის შემცირებასა და მათზე რეაგირების გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური მიდგომების დანერგვის პროცესში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 7-9 ნოემბერს გამართულ ტრენინგზე მთავარი აქცენტი სწორედ ამ საკითხების ირგვლივ შშმ ქალებისა და მათი მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე გაკეთდა.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის იდენტიფიცირების მეთოდები, ისწავლეს თემებში ინკლუზიური პრაქტიკების დანერგვის გზები და იმუშავეს ლიდერობის, ადვოკატირებისა და თემთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების გაძლიერებაზე.

“მშობლები, განსაკუთრებით კი დედები, უდიდეს როლს ვასრულებთ. როცა კატასტროფა ხდება, ქალები უპირველესად ოჯახის წევრებზე ვიწყებთ ზრუნვას, მით უფრო, თუ რომელიმე მათგანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და სპეციფიკური საჭიროებები აქვს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ ჩვენც ვართ და ამ თემას ვეცნობით. ინფორმირებული მშობელი შშმ პირის ხმაცაა და ელჩიც, რომელიც მიღებულ ცოდნას სხვებს უზიარებს”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო მაისურაძემ, რომელიც ტრენინგზე დასასწრებად თელავიდან ჩამოვიდა.

ტრენინგის შედეგად შეძენილი ახალი ცოდნა მონაწილეებს შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ, ადგილობრივ დონეზე ჩაერთონ კატასტროფების რისკის შემცირებისა და რეაგირების გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური მიდგომების დანერგვაში, საკუთარ თემებში განახორციელონ ინიციატივები, რომლებიც შშმ პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ტრენინგის ბოლოს შშმ ქალთა ორგანიზაციის “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა ტრენერმა, ესმა გუმბარიძემ ყურადღება სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა.

“რა თქმა უნდა, შშმ პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კატასტროფების რისკების პრევენციასა თუ რეაგირებაში ჩართვა და ცოდნა, როგორ უნდა მოიქცნენ საკუთარი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ ცოდნით იმუშაონ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ეს საჭიროებები შესაბამის პოლიტიკასა და ღონისძიებებში აისახოს”, -აღნიშნა ესმა გუმბარიძემ.

ტრენინგი ორგანიზაციებთან — „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნულ ქსელთან“ თანამშრომლობით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ივნისში გენდერისა და კატასტროფების რისკის ტრენერთა ტრენინგი გაიარეს. ისინი სამომავლოდაც ჩართულები იქნებიან კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალების როლის შესახებ ცოდნის გაზიარებაში.

ტრენინგი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ნაწილს. პროექტი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.