ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის აღმოფხვრის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

თარიღი:

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა ხსნიან საკონსულტაციო შეხვედრას ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა ხსნიან საკონსულტაციო შეხვედრას ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოში გენდერის თემატურმა ჯგუფმა ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის ნაწილს წარმოადგენდა და მას აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს თემის მნიშვნელობის ხაზგასმა, მის ირგვლივ მსჯელობა და სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის შესახებ ეფექტიანი დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა. თემატურ სესიებისას მონაწილეებმა კანონმდებლობასა და პოლიტიკაში არსებული ხარვეზები მიმოიხილეს, უსაფრთხო ონლაინსივრცისთვის აუცილებელ ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებსა და ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავაც ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამავდროულად, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩნდება ძალადობის ახალი ფორმებიც, რომლებიც სულ უფრო მზარდი მაჩვენებლებით ხასიათდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 2023 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის აქტიურ მომხმარებელ ყოველ მე-2 ქალს ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა გამოუცდია, ქალების 47% კი ონლაინსივრცეში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: არასასურველი ან შეურაცხმყოფელი შეტყობინება (40%), არასასურველი და შეუსაბამო სექსუალური შინაარსის შემცველი გზავნილები სოციალურ ქსელებში (30%) და ვებგვერდის ან ანგარიშის გატეხის შემთხვევები (25%). საგულისხმოა, რომ 18-24 წლის ახალგაზრდა ქალები 4-ჯერ მეტი ალბათობით შეიძლება გახდნენ ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლები. ამას გარდა, შედარებით მაღალი რისკების წინაშე დგანან საშუალო ტექნიკური განათლების მქონე, ქალაქში მცხოვრები, ლბტქ+ და განქორწინებული ქალებიც.

თემატურ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის შესახებ მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
თემატურ სესიაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის შესახებ მსჯელობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

კვლევა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია. მსხვერპლთა უმეტესობა მომხდარის შესახებ მხოლოდ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს უყვება, რაც უწყებების მიმართ უნდობლობაზე, დადანაშაულების შიშსა და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ ეჭვებზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები არსებობს, ისინი მრავალსექტორულ მექანიზმებში ინტეგრირებული არ არის. ასევე, მინიმალურია მათი თანამშრომლობა სოციალური მედიის გლობალურ პლატფორმებთან.

“სამწუხაროდ, ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის შესახებ ბავშვებს საბაზისო ინფორმაციაც არ აქვთ და მოძალადეები ამით სარგებლობენ. ბევრ დაზარალებულ არასრულწლოვანს ვიცავ, მათ შორის გაუპატიურებულს, რომელთა ისტორიაც სწორედ ციფრულ სივრცეში ძალადობით დაიწყო. ეს საფრთხე ყველა ბავშვს ემუქრება, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნები არიან. სამწუხაროდ, ჩვენი პრაქტიკით, მსხვერპლები მხოლოდ მას შემდეგ მოგვმართავენ, როცა მდგომარეობა უკვე ძალიანაა გართულებული და ეს იმის ბრალია, რომ არ იციან, როგორ უნდა იმოქმედონ პირველივე შემთხვევაზე. დღესდღეობით ბავშვებს ონლაინსივრცეში ძალადობას ვერ ვარიდებთ. ასეთია რეალობა”, - აღნიშნა შეხვედრაზე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელმა, თამარ გაბოძემ, რომლის ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და შშმ პირების დაცვაა.

ქალთა მიმართ ძალადობას მძიმე შედეგები არა მარტო ქალებისა და მათი ოჯახებისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნისთვის მოაქვს. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობით გამოწვეული ხარჯი 3 მილიარდ ლარს აღემატება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3,8%-ია. შეხვედრის ბოლოს ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ციფრული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობასა და იმ ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოს სტამბოლის კონვენციით აქვს აღებული. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პრობლემის წინააღმდეგ თანამშრომლობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის პრიორიტეტად დარჩეს.