სასწავლო პროგრამა „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ წარმატებით დასრულდა
თარიღი:
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ტრენდს ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ამ მაღალანაზღაურებად და პერსპექტიულ სფეროში ახალი კადრების მოძიებაზეც. თუმცა, როგორც ზოგადად ტექნოლოგიებში, ისე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაშიც, ქალები და გოგოები ნაკლებად არიან ჩართულები. გენდერული სტერეოტიპები და ბარიერები მათ დინამიკურად განვითარებადი დარგის მიღმა ამჯერადაც ტოვებს.
არსებული რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა სასწავლო პროგრამა „ქალები ხელოვნურ ინტელექტში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროკავშირისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა განახორციელა. პროგრამა, რომელიც 2024 წლიდან დაიწყო, 2 ეტაპს მოიცავდა. მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით 9-თვიანი გადამზადება გაიარეს, ინოვაციური, სიღრმისეული ცოდნა მიიღეს და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალი უნარები განივითარეს.
პროგრამა სულ 200-მა გოგომ გაიარა. პირველი ეტაპის 100-მა მონაწილემ სწავლა მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა, მომდევნო 100-მა კურსდამთავრებულმა კი სერტიფიკატები 4 დეკემბერს მიიღო. სპეციალურ ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე დაესწრნენ.
კურსდამთავრებულებს შორის იყო პროფესიით ეკონომისტი, 33 წლის მაკა საფარაშვილიც, რომელიც თითქმის 10 წელია, ფინანსურ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე კოდირებასთან შეხება მას არასდროს ჰქონია, თუმცა ტექნოლოგიური სფერო იმდენად იზიდავდა, რომ როგორც კი მეგობრისგან პროგრამის შესახებ შეიტყო, მონაწილეობა გადაწყვიტა. მერე კი შესარჩევი ეტაპებიც წარმატებით გაიარა.
“თითოეული ლექცია ჩემთვის ახალი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება იყო. პროგრამამ მყარი ტექნიკური საფუძველი ჩამომიყალიბა და ახლა ჩემი მომდევნო მიზანი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წინსვლა იქნება. ვფიქრობ, ამგვარი ინიციატივების ხელმისაწვდომობა ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში. ისინი იძლევა თანაბარ შესაძლებლობებს, ღირებულ ცოდნაზე წვდომას და ქმნის რეალურ შანსს, რომ ქალები ტექნოლოგიურ სფეროში პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მათ ფინანსური ბარიერები აქვთ”, - აღნიშნავს მაკა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით, ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობას აქტიურად უჭერს მხარს. უკვე წარმატებით განხორციელდა ინიციატივები “500 ქალი ტექნოლოგიებში” და ”უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში”. ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი სასწავლო პროგრამა სწორედ ამ პროექტების გამოცდილებებს დაეყრდნო.
“ქალები ხელოვნურ ინტელექტში” მიმდინარეობდა ევროკავშირის მხარდაჭერით, “გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ და, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.