სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა გენდერულ თანასწორობაზე კვლევები წარადგინეს

თარიღი:

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევითი პროექტების წარდგენა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევითი პროექტების წარდგენა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის მუშაობას განაგრძობს. ეს საქმიანობა, სხვა მიმართულებებთან ერთად, სრულყოფილი, ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მხარდაჭერასაც გულისხმობს, რათა სამომავლოდ დაგეგმილმა პროექტებმა, სტრატეგიებმა თუ პოლიტიკამ ყველა ქალისა და გოგოს საჭიროებები გაითვალისწინოს, გადაწყვეტილებები კი გენდერულად მგრძნობიარე იყოს.

ამ კუთხით განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და CRRC-საქართველოს ერთობლივი პროექტი „გენდერულ მონაცემთა ანალიზის უნარების გაძლიერება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მკვლევრებისთვის“. ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების 40-მა წარმომადგენელმა გენდერული მონაცემების შეგროვება და ანალიზი შეისწავლა, მათ შორის 11-მა კი გენდერული თანასწორობის შესახებ კვლევითი პროექტებისთვის საჭირო დაფინანსება და გამოცდილი მენტორების მხარდაჭერაც მიიღო. 18-19 ნოემბერს ამ კვლევების შედეგები ავტორებმა სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს.

შეხვედრის მიზანს მიღებულ მონაცემებზე მსჯელობა, პროექტის მონაწილეებს შორის დიალოგისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

ანა პაჭიკაშვილმა, რომელიც ორგანიზაცია “საქართველოს უდიებს” ხელმძღვანელობს და კახეთის რეგიონში საქმიანობს, კვლევა ეთნიკურად ავარიელი ქალების უხილავ შრომაზე ჩაატარა. მან ეს საკითხი კაცების მიგრაციის კონტექსტშიც იკვლია. ავარების თემი გამორჩეულად იზოლირებულია: მათი ხმა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ დონეზე პრაქტიკულად არ ისმის, რაც კვლევის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

“აღმოვაჩინე, რომ სულ რაღაც 2 კილომეტრის მოშორებით მცხოვრები ქალები აბსოლუტურად სხვაგვარად მძიმე შრომაში არიან ჩართულები. ამას ემატება ეთნიკური და კულტურული ასპექტებიც, რომლებიც მათ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. პატარა სათემო ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებს კვლევების მიმართულებით ცოდნა არ გვაქვს და ხანდახან სიბნელეში ვაცეცებთ ხელებს, რათა მართლაც იმ ადამიანებს მივწვდეთ, რომლებსაც დახმარება რეალურად სჭირდებათ”, - აღნიშნა ანამ და დასძინა, რომ კვლევის შედეგად გამოკვეთილი გამოწვევები საშუალებას აძლევს, სამომავლოდ მეტად კონკრეტული ამოცანები დასახოს.

საგულისხმოა, რომ ანას მსგავსად, ტრენინგსა თუ კვლევების ჩატარებისას მიღებული ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც დაეხმარება, თავადაც ჩაატარონ მცირემასშტაბიანი კვლევები, აღმოაჩინონ ისეთი სათემო საჭიროებები, რომლებიც ხშირად უხილავია და შესაბამისი ინიციატივებიც დაგეგმონ.

ღირებული აღმოჩნდა პროექტში ჩართულობა ახალგაზრდა მკვლევრებისთვისაც, რომლებმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ, 2020-2021 წელს ჩატარებული დროის გამოყენების კვლევის მონაცემები ახლებურად გააანალიზეს და გენდერული უთანასწორობის ისეთი ასპექტი იკვლიეს, როგორიც ოჯახებში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, დასვენებასა და გართობაზე დახარჯული დროის გადანაწილებაა.

“ჩემი კვლევა ეხებოდა ქალებსა და კაცებს შორის თავისუფალი დროის გამოყენების კუთხით არსებულ განსხვავებებს. რადგან აუნაზღაურებელ ზრუნვის შრომას საქართველოში უმეტესად ქალები ასრულებენ, საინტერესო იყო, აისახებოდა თუ არა იგივე ტენდენციები თავისუფალი დროის გამოყენებაზეც. კვლევამ აჩვენა, რომ განსხვავება მართლაც არის და დღის განმავლობაში კაცებს საშუალოდ 80 წუთით მეტი დრო აქვთ დასვენებისთვის, ვიდრე ქალებს. რომ არა დროის გამოყენების კვლევა და მისი მასშტაბი, დამოუკიდებლად ამ ტიპის შერჩევას ვერ შევძლებდი”,- აღნიშნა შეხვედრაზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ნათია სორდიამ. პროექტის ფარგლებში შექმნილი მისი ნაშრომი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და ფართო აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

ინიციატივა განხორციელდა პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „ყველა ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ ფინანსური მხარდაჭერით.