მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების გამოცდილება რეგიონულ კონფერენციაზე
თარიღი:
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრებმა საკუთარი გამოცდილებები და საქმიანობა სომხეთის დედაქალაქ ერევანში, საერთაშორისო კონფერენციაზე „დღის წესრიგის ახალი სიცოცხლე: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება — 25 წელი და სომხეთის მოწოდება ადამიანური უსაფრთხოების დაცვისკენ“ წარადგინეს.
ღონისძიებას 1-2 დეკემბერს, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატია დღეს“, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით უმასპინძლა. კონფერენცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წელს მიეძღვნა. ამავდროულად, მასზე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესახებ სომხეთის მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენაც მოხდა.
კონფერენციაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ირგვლივ არსებული მიღწევები, გამოწვევები და ინკლუზიური მშვიდობის მშენებლობის გზები განიხილეს. ღონისძიების მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა რეზოლუციის მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პროცესებში ქალთა ლიდერობის გაძლიერების აუცილებლობაზე.
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრებმა ადამიანური უსაფრთხოების იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაა აქტუალური. ქსელის ერთ-ერთი წევრი მაია ჩემია, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს და თავადაც დევნილია, იძულებით გადაადგილებული ქალების საჭიროებებს შეეხო და ისაუბრა იმ მძიმე ზეგავლენაზე, რომელსაც კონფლიქტი მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ახდენს.
„მნიშვნელოვანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით გათვალისწინებული იყოს ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში დევნილების განსახლების კუთხით არსებობს. კერძოდ, ამ ადამიანების ცხოვრების წესი, თავისებურებები და საჭიროებები. მაგალითად, ქალაქში მცხოვრები დევნილების სოფლად გადაყვანამ და პირიქით, შესაძლოა, მათ დამატებითი პრობლემები და სირთულეები შეუქმნას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ჯანდაცვის პროგრამების დანერგვა, რომლებიც კონკრეტულად დევნილების საჭიროებებზე იქნება მორგებული“, - აღნიშნა მაია ჩემიამ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობის შესახებ. ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საფრთხეების ზრდასა და ზიანს, რომელიც ძალადობის ამ ფორმას ქალებისთვის მოაქვს. მათ გენდერულად მგრძნობიარე ციფრული უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
კონფერენციის ერთ-ერთი პანელი კლიმატის ცვლილების გენდერულ ზეგავლენას შეეხო. მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს კატასტროფების რისკის შემცირებაში ქალების კრიტიკულ როლზე და ინიციატივებზე, რომლებსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ კუთხით საქართველოში ახორციელებს.
საქართველოში პირველი მასშტაბური ქსელი „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ 2023 წელს ჩამოყალიბდა. ის 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ 200-ზე მეტ ქალსა და ახალგაზრდას აერთიანებს. ქსელის წევრები ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისა და თემის საჭიროებების ადვოკატირების პროცესებში მონაწილეობენ. ინიციატივა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - ქალთა საინფორმაციო ცენტრის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობისა” და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდის, “სოხუმის” ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. ქსელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩამოყალიბდა, ამჟამად კი ის პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ნაწილია. ორივე პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი.