ქალებს შეგვიძლია, ქალები ვმოქმედებთ, ქალები ვცვლით — ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გაიმართა

თარიღი:

ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი ღია კარის დღის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი ღია კარის დღის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღის ტრადიციულ ღონისძიებას უმასპინძლა. ღია კარის დღე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს, გაეროს სააგენტოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის დიალოგს ეფუძნება, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის 25 წელს მიეძღვნა.

ღია კარის დღეს ესწრებოდნენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრები: ავსტრიის ელჩი რობერტ გერშნერი, დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, შვედეთის ელჩი ანნა ლიბერგი და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი ქრის რეილი. სტუმრებს შორის იყვნენ გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში კემლინ ფურლი, გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლები და გაეროს სხვა სააგენტოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოწვეულმა ელჩებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინდექსის უახლესი შედეგები, ამ დღის წესრიგის განხორციელების წარმატებული გამოცდილება და გამოწვევები განიხილეს.

„დღეს მე იმ თემების პერსპექტივიდან ვსაუბრობ, რომლებსაც ვემსახურებით. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აგრძელებს გალში მუშაობას, ოჯახური კავშირების შენარჩუნებასა და იმ ადამიანების კეთილდღეობის მხარდაჭერას, რომლებიც მრავალ გამოწვევას აწყდებიან. ჩვენი როლია, დავიცვათ ადამიანები ჩვენი აქ ყოფნით, ხელი შევუწყოთ მათ, რომ შეძლონ საკუთარ სახლებში დარჩენა და ღირსეულად ცხოვრება. ჩვენი საქმიანობა ხიდებს სხვადასხვა მიმართულებით ხსნის, მათ შორის, ოჯახებსა და თემებს შორის, იმედსა და რეალობას შორის”, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლმა.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იძულებით გადაადგილებული და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების პერსპექტივებს. მათ საკუთარ თემებში გამოვლენილი საჭიროებები, უსაფრთხოების პრობლემები და ადგილობრივი თემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ინიციატივები წარადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელის, ასევე, სოციალური მობილიზაციის შედეგებსა და არსებული გამოწვევების განხილვაზე.

მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის წევრი თამარ საჩალელი ღია კარის დღის დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის წევრი თამარ საჩალელი ღია კარის დღის დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

თამარ საჩალელმა, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ცხოვრობს და „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრია, ისაუბრა, თუ როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებამ: „ადრე თუ მარტო დავდიოდი შეხვედრებზე, ახლა, სათემო ინიციატივების განსახორციელებლად, სოფელში ხუთი ქალი შემომიერთდა. ერთად განვიხილავთ ადგილობრივ პრობლემებს და ვეძებთ გადაჭრის გზებს. მშვიდობის ელჩი ქალები ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობის მშენებლობას. მაგალითად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, ზარდიაანთკარში, 4-წლიანი ადვოკატირების შემდეგ 28 სახლი აღადგინეს და ამაში უდიდესი წვლილი ჩვენი ქსელის წევრს, ციცინო ელიკაშვილს მიუძღვის, გაიწმინდა ტირიფონის არხი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის ბევრი სოფელი სარწყავი წყლით მოამარაგა. იმედს ვიტოვებ, რომ, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი ქსელის საქმიანობა გაგრძელდება და პრობლემები სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოგვარდება. დიახ, ქალებს შეგვიძლია, ქალები ვმოქმედებთ და ბევრ რამეს ვცვლით“, - აღნიშნა მან.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” სათემო მუშაკმა და “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელის წევრმა, ანა ლეფონავამ კი, პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მშობლიურ რეგიონში, სამეგრელოში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ადამიანების უსაფრთხოება და სასმელი წყალი კვლავაც ძირითად პრობლემებად რჩება.

“ჩვენთვის - რეგიონის ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და დევნილებისთვის - სათემო ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს ადამიანების ყოველდღიურობას და ხელს უწყობს საერთო განვითარების გზების ძიებას. მათი შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილ და მხარდაჭერილ ნაბიჯებს მთელი თემის გაძლიერებას შეუძლია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი გაგრძელდეს”, - დასძინა ანამ.

ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გაზიარებული გამოცდილებები და მოსაზრებები, ღია კარის დღეზე განხილულ სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გაეროს შესაბამის კომიტეტს წარედგინება და ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის №30 (2013) ზოგადი რეკომენდაციის დამატებაში აისახება.

აღსანიშნავია, რომ ღია კარის დღეს წინ უძღოდა „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელისთვის გამართული შეხვედრა, რომლის მიმდინარეობისას ქსელის წევრები გახანგრძლივებულ კონფლიქტებში მოლაპარაკებებისა და მედიაციის შესახებ პრაქტიკას გაეცნენ. მიღებული ცოდნა მათ დიალოგის წარმართვაში, ნდობის გაღრმავებასა და ინკლუზიური მშვიდობის პროცესების ხელშეწყობაში დაეხმარება. სესია ავსტრიის მშვიდობის ცენტრის მიერ ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია.

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.