გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების 10 წელი საქართველოში
თარიღი:
რა პოზიტიური გავლენა იქონია ბიზნესის მიერ საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვამ და როგორ აისახა ის არა მარტო ქალებზე, არამედ თავად კერძო სექტორის წარმატებაზე — რეალური ისტორიები და სტატისტიკური მაჩვენებლები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ტრადიციულ კონფერენციაზე შეაჯამა. ღონისძიება ამჯერად საიუბილეო იყო და ის საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების 10-წლიან პროგრესს მიეძღვნა.
აღსანიშნავია, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა მასშტაბის კომპანიებმა ქალების გაძლიერებისთვის არაერთი სასარგებლო ინიციატივა განახორციელეს. მნიშვნელოვნად გაიზარდა პლატფორმის მხარდამჭერთა რაოდენობაც: თუკი 2016 წელს მათი რიცხვი 5 იყო, ახლა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს უკვე 300-ზე მეტი კომპანია აწერს ხელს, ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების ჯამური ღირებულება კი 10 მილიონ ლარს აჭარბებს. საგულისხმოა, რომ ამ რიცხვების მიღმა 100 000-ზე მეტი ქალის უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება დგას. კერძო სექტორის არსებული მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.
კონფერენციას ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 10-წლიანი პროგრესის შედეგებთან ერთად, მათ ინკლუზიური მართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამას გარდა, წარადგინეს პოზიტიური ცვლილებების რეალური მაგალითები, თუ როგორ ეხმარება ბიზნესი საქართველოში გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, გენდერული ძალადობის დაძლევას, ზრუნვის ეკონომიკის განვითარებასა და სხვა სირთულეებთან გამკლავებას.
კონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა მიღწეული პროგრესისა და ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე, რაც არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ: „სწორედ ახლა გვჭირდება თანმიმდევრულობა და ჩვენი საერთო ვალდებულების ხელახლა დამტკიცება. თანასწორობა არ არის მოცემულობა, პროგრესი არ არის გარანტირებული, ის ყოველდღიურად უნდა ავირჩიოთ და დავიცვათ“, - აღნიშნა მან.
ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა კი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების პროცესში ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა: “ეს მხოლოდ დასაწყისია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მიღწეულით ძალიან ვამაყობთ, ნორვეგია საკუთარ ჩართულობას არა შესრულებულ ვალდებულებად, არამედ მუდმივ პარტნიორობად აღიქვამს. ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ იმ ინიციატივების გაფართოების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს ყველასთვის უსაფრთხო, ინკლუზიური და მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნას”, - დასძინა მან.
კონფერენცია დასრულდა იმ ბიზნესკომპანიების დაჯილდოებით, რომლებმაც 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაში, განახორციელეს მნიშვნელოვანი ინიციატივები პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად და ახლაც ამ პრინციპების ერთგულები რჩებიან. სიმბოლური ჯილდო სულ 19 ბიზნესკომპანიას გადაეცა.
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმასა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2016 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პლატფორმა ღიაა ახალი წევრების ხელმოწერისთვის და მისი გაფართოებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.