ელექტრონული კურსი “გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო სამსახურში” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაინერგება
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ავითარებს პარტნიორობებს, რომლებიც ხელს უწყობს მმართველობის სისტემებისა და პროცესების გენდერული მგრძნობელობის გაზრდას, ქალების ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობას. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიმუშავა ელექტრონული სასწავლო კურსი საჯარო სამსახურში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) დაინერგება.
კურსი ინტეგრირებული იქნება როგორც უწყვეტი განათლების პლატფორმაში, ისე მმართველობის საბაკალავრო პროგრამაში. ინიციატივის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებსა და საჯარო სექტორში კარიერის მსურველებს პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და შესაბამისი უნარები გამომუშავებაში, გენდერულ მეინსტრმინგი კი მეტად ინტეგრირდეს საჯარო სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში.
ელექტრონული კურსის პრეზენტაცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიმართა და მას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე განხილული იყო კურსის მიზნები, სწავლების ფორმატი და შედეგები, მისი დანერგვის შესაძლებლობები განათლებისა და პროფესიული გადამზადების სისტემებში. სტუმრები გაეცნენ ელექტრონული კურსის სტრუქტურასა და შინაარსს, იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული მეინსტრიმინგი და მისი შესწავლა ეფექტიანი, ინკლუზიური და გენდერულად მგრძნობიარე საჯარო ადმინისტრირებისა და მმართველობისთვის.
“დღეს ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება მართვა გავხადოთ სწორი და თანასწორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ამ პროექტის მისიაც ესაა: მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ განათლებას, პროფესიულ განვითარებასა და საუკეთესო გამოცდილების ინტეგრირებას ამ ცოდნაში“, - აღნიშნა კურსის წარდგენაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა, მარინე იოსელიანმა.
გენდერული მეინსტრიმინგი გენდერული თანასწორობისა და კარგი მმართველობის განმტკიცებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესებში ყველა ქალისა და კაცის, გოგოსა და ბიჭის საჭიროებების, გამოცდილებებისა და ხედვების სისტემატურად ასახვას. ამას გარდა, გენდერული მეინსტრიმინგი მთავრობებს ეხმარება, უფრო ინკლუზიური, ეფექტიანი, სამართლიანი პოლიტიკა და პროგრამები შექმნან, გაითვალისწინონ სისტემური უთანასწორობები და გააძლიერონ საზოგადოების ნდობა, მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ მდგრადი განვითარება ყველასთვის.
ელექტრონული კურსი „საჯარო სამსახურში გენდერული მეინსტრიმინგი“ შემუშავდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG II) მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტს ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს.