ბერტა ფონ ზუტნერის პრემია მშვიდობის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ელენე მაია რუსეცკაიამ მიიღო
თარიღი:
ბერტა ფონ ზუტნერის პრემია, რომელიც მშვიდობის მშენებლობაში ქალების როლის აღიარებას ემსახურება და გლობალურ მასშტაბზე წელს პირველად გავიდა, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელმა, ელენე მაია რუსეცკაიამ მიიღო.
ჯილდო მიზნად ისახავს წარმოაჩინოს იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში — რეგიონში, რომელიც კონფლიქტებმა ძლიერ დააზარალა, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის იღვწიან. პრემია აჯილდოებს მათ, ვინც ამ რთულ რეალობაში დიალოგის, შერიგებისა და ადამიანის უფლებების დაცვის წინა ხაზზე დგანან.
“დღეს, როდესაც ქვეყანასა და რეგიონშიც რთული და ხშირად უიმედო პერიოდია, სიტყვები, რომლებიც განსაკუთრებულად ღირებული იყო — მშვიდობა, სამართლიანობა, თანადგომა — ზოგჯერ მნიშვნელობას კარგავს. სწორედ ასეთ დროს მოხდა ეს ამბავი. დაჯილდოებამ დაგვაბრუნა იმ წერტილზე, როცა ანთებული თვალებით ვმუშაობდით და იქ, სადაც გვჯერა, რომ ჩვენი საქმე შედეგს მოიტანს, თუნდაც ეს შედეგი წლები არ ჩანდეს, ამიტომაც ამ ჯილდოს მნიშვნელობა ჩემთვის სიტყვებზე გაცილებით მეტია. ბერტა ფონ ზუტნერი არ იყო მხოლოდ პირველი ქალი, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, ის იყო ადამიანი, რომელმაც დაგვიტოვა გზავნილი, რომ მშვიდობა არ არის უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვა. ის ყოველდღიური შრომით, სიმართლით, დიალოგით, ადამიანებზე ზრუნვით ყალიბდება. თითქოს მისი ხმა დღესაც გვესმის და გვახსენებს, რომ მშვიდობის გზა ქალების მხრებზე დგას”, - აღნიშნა ელენე მაია რუსეცკაიამ.
ელენე მაია რუსეცკაია მრავალი წელია, მშვიდობის მშენებლობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ის აქტიურადაა ჩართული გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებას, “მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების” ქსელის მხარდაჭერასა და განვითარებას გულისხმობს.
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიას განსაკუთრებული ისტორია აქვს: ჯილდო, რომელიც ავსტრიელი მწერლის, ჟურნალისტის, მშვიდობისთვის მებრძოლისა და ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის სახელს ატარებს, 2019 წელს, საქართველოში, ზუგდიდში დაარსდა — ქალაქში, სადაც ბერტა ფონ ზუტნერი გარკვეული პერიოდით ცხოვრობდა. 2025 წელს კი პრემია გლობალურ სცენაზე გავიდა და ჰააგის მშვიდობის სასახლეში, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 10 დეკემბერს, საზეიმოდ გაიცა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხაზს უსვამს ქალთა ლიდერობის უნივერსალურ მნიშვნელობას მშვიდობის მშენებლობაში და ადგილობრივი გამოცდილების საერთაშორისო აღიარებას.
საგულისხმოა, რომ სწორედ მშვიდობის მშენებლობაში ქალების უნიკალურ წვლილს მიეძღვნა პანელურ დისკუსია, რომელშიც ელენე მაია რუსეცკაიასთან ერთად, სხვა ქართველი მშვიდობის მშენებლები — იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდის, “სოხუმის” თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია და გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე სტუდენტებისთვის გამართული ღია დებატების გამარჯვებული მარიამ თვალაძე მონაწილეობდნენ. მათ საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და თაობათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებასა და პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ ამ ღია დებატების საპრიზო ადგილების მფლობელი სტუდენტები: გიორგი ღურჭუმელია, ელენე-ეკატერინე დვალიძე და ცოტნე ქოქიაშვილი. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილი რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში გამართა.