ახალგაზრდები გლობალური ლიდერების როლში — გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე
თარიღი:
„გუშინ შუალედური გამოცდა მქონდა და დღეს აქ რომ მოვდიოდი, ვნერვიულობდი. არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად კარგად და სხვა მონაწილეებისთვის გასაგებად მქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული“, - ამბობს 21 წლის მარიამ თვალაძე, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, რომელმაც დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებულ სხდომაზე გაეროს გენერალური მდივნის როლი მოირგო და ღია დებატების გამარჯვებულიც გახდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება - ღია დებატები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდულ ინიციატივა “მე-16 ელემენტთან” პარტნიორობით გამართა. ღონისძიებამ 7 ქართული უმაღლესი სასწავლებლის 31 ახალგაზრდა დელეგატი გააერთიანა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გლობალური ლიდერების გადმოსახედიდან განეხილათ და გადაწყვეტილებებიც მიეღოთ.
ღია დებატების მიმდინარეობისას მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის პოზიციები წარადგინეს, ალიანსები შექმნეს და ხმის მიცემის სიმულაციისას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე ახალი რეზოლუცია მიიღეს. საგულისხმოა, რომ ღონისძიებამდე დელეგატებისთვის წინასწარი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებების დღის წესრიგის შესახებ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, მოლაპარაკების უნარების გაძლიერება და უშიშროების საბჭოს პროცედურებისთვის მომზადება იყო.
მარიამ თვალაძე დებატების პროცესში ახალგაზრდებს მიმართულებებს აძლევდა, მათთან ერთად მსჯელობდა, ისმენდა მრავალფეროვან შეხედულებებს, რათა პლურალიზმი შენარჩუნებულიყო, საბოლოო რეზოლუციას კი ყველა ქვეყნისთვის მისაღები მოსაზრება აესახა.
„ამ ღონისძიებისთვის რომ ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონია რეზოლუცია 1325-ს თითოეული ქვეყნისთვის და, ცხადია, ქალთა უფლებებისთვის. დებატებიც და მთლიანად სხდომაც ძალიან კარგად წარიმართა. მონაწილეებს ბევრი ჰქონდათ ნამუშევარი ქალთა უფლებების კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ასაკისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ, მაქსიმალურად ჩაერთნენ, პროცესიც ძალიან მოეწონათ“, - აღნიშნავს ის.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მიმართულებაში ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა, თემით მათი დაინტერესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოდელირებაც სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა.
„ეს არის ფორმატი, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება სხვადასხვა უნარი განივითარონ. მაგალითად, ინფორმაციის მოძიება, აზრის გადმოცემა, საჯარო გამოსვლა. მოდელირება ყველაფერს ითვალისწინებს და ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი ფორმატები გვეხმარება ახალგაზრდებს, ქალთა უფლებებზე ჩვენთვის საინტერესო ფორმით მეტი ინფორმაცია გავიგოთ. ღონისძიების შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, რომელსაც ჩემი საქმიანობის ნაწილი სამომავლოდ აუცილებლად უნდა დავუთმო“, - დასძენს მარიამი.
მარიამის გარდა, საპრიზო ადგილები დაიკავეს გიორგი ღურჭუმელიამ, ელენე-ეკატერინე დვალიძემ და ცოტნე ქოქიაშვილმა, რომლებსაც საქართველოში ლატვიის საელჩომ სპეციალური საჩუქრები გადასცა. საგულისხმოა, რომ დეკემბერში ყველა მათგანი გაემგზავრება ჰააგაში, სადაც ქალების და მშვიდობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გადაცემის ცერემონიალს დაესწრება. მარიამ თვალაძე ამ კონფერენციაზე მშვიდობის მშენებლობაში ქალების უნიკალური წვლილისა და თაობათაშორისი დიალოგის შესახებ გამართულ პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წელსა და ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია 2250-ის 10 წელს მიეძღვნა. იგი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერილი რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის” ფარგლებში გაიმართა.