ახალგაზრდა ქალები მშვიდობიანი მომავლისთვის

თარიღი:

ღონისძიების „დღის წესრიგების დაკავშირება: ახალგაზრდა ქალების მიერ ორგანიზებული დიალოგი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე და ახალგაზრდებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ღონისძიების „დღის წესრიგების დაკავშირება: ახალგაზრდა ქალების მიერ ორგანიზებული დიალოგი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე და ახალგაზრდებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„როცა პირველად დავიწყე გააზრება, თუ რას გულისხმობს ახალგაზრდობა, მშვიდობა და უსაფრთხოება, აქტიურად ვეძებდი სივრცეებს, სადაც ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი გოგოები, არა მხოლოდ პასიური მსმენელები, არამედ მსჯელობის აქტიური მონაწილეები იქნებოდნენ. ამგვარი ღონისძიებების არსებობა დამეხმარებოდა, უკეთ გამეგო ჩემი როლი მშვიდობის მშენებლობაში და მკაფიოდ დამენახა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არა სიმბოლური, არამედ შინაარსობრივი პროცესია“, - ასე იხსენებს ახალგაზრდული სამშვიდობო ქსელის, „მე-16 ელემენტის“ თანადამფუძნებელი ელეონორა ჭანია მშვიდობის მშენებლობაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. დღეს კი ის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, უკვე თავად ქმნის ახალგაზრდა ქალებისთვის ჩართულობის მნიშვნელოვან პლატფორმებს.

ერთ-ერთ ასეთ სივრცეს წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარებული ღონისძიება „დღის წესრიგების დაკავშირება: ახალგაზრდა ქალების მიერ ორგანიზებული დიალოგი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე და ახალგაზრდებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, რომელიც 21 ნოემბერს, თბილისში, გაიმართა. შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წელსა და რეზოლუცია 2250-ის 10 წლის აღნიშვნას მიეძღვნა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო.

ღონისძიებამ თაობათაშორისი დიალოგის წარმართვისთვის ახალი, ინკლუზიური სივრცე შექმნა, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა წარმოაჩინა და, მშვიდობის მშენებლობის გასაძლიერებლად, ორივე დღის წესრიგი ერთმანეთთან დააკავშირა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილებები გააზიარეს, გლობალურ და ადგილობრივ პროგრესზე იმსჯელეს და ერთობლივად შეიმუშავეს პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების ჩართულობას მშვიდობის მშენებლობის პროცესებში.

„ღონისძიებამ წარმოაჩინა, რომ ახალგაზრდა ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩარჩოების ფარგლებში არა მხოლოდ ბენეფიციარები, არამედ ის აქტორები, შემოქმედები და ლიდერები არიან, რომლებიც ამ დღის წესრიგებს თავადაც აყალიბებენ. მონაწილეების მსჯელობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თაობათაშორისი სწავლებისა და ფემინისტური, ახალგაზრდებზე ორიენტირებული მშვიდობის მშენებლობის მიდგომების როლს, ახალგაზრდების ადრეული ჩართულობის გადამწყვეტ მნიშვნელობას. შეხვედრამ აჩვენა, რომ ამგვარ პლატფორმებს შეუძლია გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგოების აღქმაზე მშვიდობის მშენებლობაში მათი როლის შესახებ“, - აღნიშნა ელეონორა ჭანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას სამომავლოდაც განაგრძობს.

ღონისძიება ორგანიზაცია “მე-16 ელემენტთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან, საქართველოში დანიისა და ლატვიის საელჩოებთან პარტნიორობით ჩატარდა. იგი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის “ქალთა ლიდერობის გაძლიერება მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის”, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.