გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო სექტორში სექსუალურ შევიწროებაზე მუშაობას აგრძელებს

თარიღი:

საჯარო უწყებების თანამშრომლები სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ ტრენინგს ესწრებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საჯარო უწყებების თანამშრომლები სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ ტრენინგს ესწრებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და აღმოფხვრა უსაფრთხო, თანასწორი გარემოს შექმნასთან ერთად, ქალების შესაძლებლობების რეალიზებასაც უწყობს ხელს. საქართველოს საჯარო სექტორში სექსუალური შევიწროება გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს: კვლევის „სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს საჯარო სამსახურში“ მიხედვით, საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების დანერგვაში ეხმარება.

18-19 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 18-მა თანამშრომელმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შესახებ ტრენინგი გაიარა. სწავლება მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის სექსუალური შევიწროების სახეების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ ცოდნის გაზიარებას, ამ პრობლემასთან დაკავშირებული მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობას, სექსუალური შევიწროების შემთხვევების მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით გამოძიებას, ეფექტიან რეაგირებასა და იმ ადამიანების გაძლიერებას, რომლებსაც სექსუალური შევიწროება გამოუცდიათ.

“სექსუალური შევიწროება დღემდე ტაბუდადებული თემაა. ვფიქრობ, ამ ტაბუს მოხსნა ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელებითაა შესაძლებელი. ტრენინგმა ცნობიერება ამიმაღლა, არსებული პრაქტიკა და მექaნიზმები გამაცნო, რაც ჩემთვის მეტად საინტერესო და საჭირო იყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მსჯელობას იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებსაც სექსუალური შევიწროების გამოცდილების მქონე პირები აწყდებიან”, - აღნიშნა ტრენინგის დასრულების შემდეგ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ.

საგულისხმოა, რომ უწყებებში, რომელთა მონაწილეებმაც ტრენინგი გაიარეს, ამჟამად სრულდება ან უკვე დანერგილია სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმები, რაც პრობლემასთან გამკლავების ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. მექანიზმები შემუშავებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და მკაფიოდ განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების შემთხვევების შეტყობინებისა და გამოძიების პროცედურებს, უზრუნველყოფს მსხვერპლთა დაცვასა და პროპორციულ სანქციებს.

სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა მიზნად ისახავს სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, არადისკრიმინაციული გარემოს ხელშეწყობას, შევიწროებისგან თავისუფალი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებასა და თანამშრომელთა უფლებების დაცვას. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ამგვარი მექანიზმი საქართველოში უკვე 26 საჯარო უწყებას აქვს დამტკიცებული, 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე კი შესაბამის საკითხებზეა გადამზადებული.

ტრენინგები ჩატარდა ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტების “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” და “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში.