გაეროს ქალთა ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორს ახალი ცოდნითა და უნარებით აძლიერებს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გაძლიერებას აგრძელებს, რაც უპირველესად მათთვის ახალი, მნიშვნელოვანი ცოდნისა თუ უნარების გაზიარებას გულისხმობს. ამ მიზნით, სექტემბრის ბოლოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ორი ტრენინგი — პროექტის წერის თანამედროვე მეთოდებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ჩატარდა.
22-23 სექტემბერს, თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 23-მა მონაწილემ პროექტის წერის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეიძინა. ტრენინგის მიმდინარეობისას დამსწრეებმა ამბის თხრობის ტექნიკები შეისწავლეს, გაეცნენ იმ აუცილებელ უნარებს, რომლებიც აქტუალური, ეფექტიანი, მდგრადი და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესაბამისი პროექტების შექმნისთვისაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიების საინტერესოდ აღწერისა და პროექტის სავარაუდო შედეგების წარმოჩენისთვის აუცილებელ მეთოდებს.
29 სექტემბრიდან კი სამდღიან ტრენინგს იმერეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების გამოყენება გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ადვოკატირებისთვის. სწავლების პროცესში აქცენტი გაკეთდა ეთიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, ადვოკატირების ციფრული კამპანიებისა და ინოვაციური სერვისების შექმნაზე. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიღებული ცოდნა სამუშაო პროცესშივე გამოეცადათ და ფინალური დავალებები შეექმნათ.
“ტრენინგმა კიდევ უფრო გამიფართოვა თვალსაწიერი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე. გავიგე, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ეფექტიანად დავგეგმო სტრატეგიები, შევქმნა ინოვაციური პროექტები და გავაუმჯობესო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. შეძენილი ცოდნა აუცილებლად გამომადგება ჩემს საქმიანობაში, ამიტომ ნასწავლის გამოყენებას აქტიურად ვაპირებ. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგები ქალების როლისა და ლიდერობის გაძლიერების, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "წითელი ხიდის" თანადამფუძნებელმა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების უკეთ გაცნობასა და თემში არსებული გამოწვევების გაშუქებაზე მუშაობს.
საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც რეგიონებში საქმიანობენ ან გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით მუშაობენ, შეზღუდული რესურსების პირობებში, ხშირად არ აქვთ შესაძლებლობები, ფეხი აუწყონ ციფრული ტექნოლოგიების, დონორების მოძიებისა და პროექტების წერის ახალ ტენდენციებს. ამ მხრივ ისინი არაერთ გამოწვევას აწყდებიან. შესაბამისად, პრაქტიკული, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის შესაბამისი ცოდნითა და საჭირო უნარებით გაძლიერებას, მათთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც განაგრძობს.
ტრენინგები ჩატარდა ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.