სოციალური მობილიზაციაში ჩართული ქალები ახალ ცოდნასა და უნარებს იძენენ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას აგრძელებს და თვითდახმარების ჯგუფებში ჩართულ ქალებს საჭირო ცოდნითა და უნარებით აძლიერებს.
ივლისსა და აგვისტოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან — იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასთან”, ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და კულტურულ-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” ერთად, თვითდახმარების ჯგუფების წევრი ქალებისთვის გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგებს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 15 მუნიციპალიტეტიდან 90-მდე ქალი დაესწრო.
მონაწილეები გაეცნენ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვითდახმარების ჯგუფები თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში, როგორ ხდება ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრიორიტეტების განსაზღვრა, სათემო ინიციატივების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროექტების შემუშავება, ადვოკატირება და მათ განსახორციელებლად აუცილებელი მხარდაჭერის მოპოვება. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, ტრენინგი ქალებს ლიდერობის, პრეზენტაციისა და სხვა საჭირო უნარების გამომუშავებაშიც დაეხმარა.
“ტრენინგზე ვისწავლე, როგორ ვმართო სხვადასხვა ინიციატივა და დავალაგო ისინი პრიორიტეტების მიხედვით. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სათემო ცხოვრებაში, ადგილობრივი საჭიროებების მოკვლევასა და ადვოკატირებაში ქალების როლის გააზრებაც. კიდევ უფრო მკაფიოდ გავაცნობიერე, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა თვითდახმარების ჯგუფის საქმიანობა. მიხარია, რომ სხვა წევრი ქალებიც ტრენინგის მიმდინარეობისას დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ და საინტერესო აქცენტებს სვამდნენ”, - აღნიშნა ტრენინგის დასრულების შემდეგ ეკა გოგატიშვილმა, რომელიც იმერეთის რეგიონში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, პერევში ცხოვრობს და ახალშექმნილი თვითდახმარების ჯგუფის “ქალების ძალა ცვლილებებისთვის” მუშაობას უძღვება. ეკა სათემო მუშაკია, მისი ჯგუფი კი 5 წევრსა და 3 მოხალისეს აერთიანებს.
სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 2010 წლიდან სათემო პროექტებისთვის იყენებს. ის ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების თემის ლიდერებად ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ადვოკატირების ინიციატივებში ჩართულობას, ქმნის მოხალისეობის წარმატებულ, გადამდებ მაგალითებს.
სოციალური მობილიზაციის მეთოდით სათემო ინიციატივებს მიმდინარე წლიდან უკვე დევნილი და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებიც ახორციელებენ. ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, თვითდახმარების ჯგუფები სათემო ინიციატივებს წარადგენენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია კი მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებას სამომავლოდაც განაგრძობს.
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვა წარმოადგენს პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ნაწილს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.