საერთაშორისო ჰაკათონი მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისთვის

თარიღი:

ჰაკათონის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ჰაკათონის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, iamtheCODE AI Institute-თან თანამშრომლობით, ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ჰაკათონი გამართა. სამდღიანი ღონისძიების ბოლოს, 18 ივლისს, ჟიურიმ 5 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

ინიციატივა მიზნად ტექნოლოგიებში ახალგაზრდა ქალების გაძლიერებასა და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას ისახავდა. ღონისძიების მიმდინარეობისას 100-მდე მონაწილე არა მხოლოდ ტექნიკური უნარების, არამედ ლიდერობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით ცოდნის ამაღლებაზე მუშაობდა. მათ შორის იყვნენ ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ქალებიც. ჰაკათონის გახსნას საქართველოში იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო. ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოვიდა iamtheCODE-ის დამფუძნებელი ლედი მარიემ ჟამმე, რომელმაც მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენ ნიჭიერ და ინოვატორ ახალგაზრდა ქალთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. კოდირება მომავლის ენაა და თქვენ უკვე საუბრობთ ამ ენაზე. ზოგადად, არაერთი ტექნოლოგიური ჰაკათონი ტარდება, მაგრამ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი თემებისა და სპეციფიკიდან გამომდინარე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ჩვენ ერთობლივად ვანახებთ მსოფლიოს, რატომ არის ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვანი და რა როლი შეიძლება ჰქონდეთ ქალებს ამ პროცესებში. სამი დღის განმავლობაში ქართველი ქალები, ახალგაზრდები დეტალურად შეისწავლიან, რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მდგრადი განვითარების ფარგლებში. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა ლედი მარიემ ჟამმემ.

ჰაკათონზე გუნდები რეალურ პრობლემებს განიხილავდნენ და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის გზებზე მსჯელობდნენ. მონაწილეებთან მუშაობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორები, რომლებიც მათ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას უწევდნენ. საბოლოო იდეებიც საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა.

ჰაკათონის პირველადგილოსანი 18 წლის ელენე სამსიანის გუნდი გახდა. ელენემ სკოლა ახლახან დაამთავრა და სექტემბრიდან სწავლას უნგრეთში, ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განაგრძობს.

“პროგრამირება და ტექნოლოგიური ინოვაციები მომწონს, ამიტომ ღონისძიებამ ძალიან დამაინტერესა. ეს იყო შესაძლებლობა გამეცნო ახალი ადამიანები, მემუშავა სხვადასხვა გამოცდილებისა და ხედვის მქონე თანატოლებთან და ამ პროცესში სოციალური კაპიტალი გამეფართოებინა. ტექნოლოგიური სფერო ხშირად გენდერული სტერეოტიპებითაა სავსე, გოგოებს კი ამ გზის არჩევისას ნაკლები წახალისება აქვთ. ჰაკათონზე ძლიერი, შემოქმედებითი და კომპეტენტური გოგოების დანახვა შთამაგონებელი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მომავალი მონაწილეებისთვისაც იყო. ასეთი ინიციატივები ერთდროულად ავითარებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, ხელს უწყობს ინოვაციური იდეების წარმოქმნას და აყალიბებს ინკლუზიურ გარემოს, სადაც გოგოებსა და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალური პრობლემების გადაჭრაში”, - დასძენს ელენე.

ჰაკათონის ფარგლებში ელენეს 5-წევრიანმა გუნდმა მდგრადი განვითარების მე-4, მე-5 და მე-10 მიზნებზე იმუშავა და ვებპლატფორმის პროექტი შექმნა, რომელიც უთანასწორობის შემცირებას, გენდერული თანასწორობისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ეხმიანება.

პლატფორმა ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს სასურველი ცნობილი პიროვნება, ესაუბროს ჩატბოტს, რომელიც ამ ადამიანის მახასიათებლების მიხედვით იქნება დატრენინგებული და მისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმაციის მიღება უფრო პერსონალიზებულ და საინტერესო გამოცდილებად აქციოს.

“მნიშვნელოვანი იყო ქალების გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილებაც, ამიტომ პლატფორმაზე ისეთი გავლენიანი ქალები წარმოვაჩინეთ, როგორებიც ზაჰა ჰადიდი, ემა უოტსონი, ანჯელინა ჯოლი და სხვები არიან. მომხმარებელს შეუძლია მათ ინჟინერიაზე, მეცნიერებაზე, ეკონომიკაზე, ისტორიასა და სხვა თემებზე ჰკითხოს”, - განმარტავს ელენე და დასძენს, რომ ჰაკათონის მსგავსი ფორმატები მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ არსებულ თეორიულ ინფორმაციას პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნის და უფრო მკაფიოდ აჩვენებს, როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა.

გამარჯვებული გუნდები iamtheCODE გლობალური ქსელისგან 12-კვირიან მენტორულ პროგრამასა და პრემიუმ AI კურსებზე წვდომას, ასევე, იდეის განვითარებისთვის საჭირო 1000-ლარიან საგრანტო ვაუჩერს მიიღებენ.

ჰაკათონი წარმოადგენდა საერთაშორისო მოძრაობის ნაწილს, რომელიც ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტისა და STEAMED განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, მისი მხარდამჭერი იყო გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი მიკრობანკი „კრისტალი“.

ჰაკათონის მხარდაჭერა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.