მშვიდობის აქტივისტი ქალები საქართველოდან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ

თარიღი:

მარცხნიდან მარჯვნივ: სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო რუსეცკი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” დირექტორი იულია ხარაშვილი, ქალთა ფონდ "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პოლიტიკის მრჩეველი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე ნარგიზ აზიზოვა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი ანა ნემსაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მარცხნიდან მარჯვნივ: სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო რუსეცკი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” დირექტორი იულია ხარაშვილი, ქალთა ფონდ "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პოლიტიკის მრჩეველი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე ნარგიზ აზიზოვა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი ანა ნემსაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს იმ ქალების წარმოჩენას, რომლებიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაზე მუშაობენ და მხარს უჭერს მათ, რომ საკუთარი ხმა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური მასშტაბითაც გააჟღერონ. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც 12-13 ივნისს ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქმა უმასპინძლა, საქართველოდან 4-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” დირექტორი იულია ხარაშვილი, ქალთა ფონდ "სოხუმის" თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი ანა ნემსაძე აქტიურად იყვნენ ჩართულები კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში. მათ მკაფიოდ წარმოაჩინეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ლიდერობა ადგილობრივ დონეზე და როგორი განსაკუთრებულია ეს როლი მშვიდობის მშენებლობაში. კონფერენციაში მონაწილეობდა სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო რუსეცკი, რომელმაც სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალების მონაწილეობაზე ისაუბრა.

ღონისძიება მნიშვნელოვანი თარიღების - პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის 25 წლის აღნიშვნას მიეძღვნა. მან 25 ქვეყნიდან 160 მონაწილე გააერთიანა. მათ შორის იყვნენ მთავრობების, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც შეაფასეს მიღწეული პროგრესი, განიხილეს ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მშენებლობა და განსაზღვრეს სამომავლო ქმედებები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის.

"სარაევომ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, თუ რამდენად ძლიერია ადამიანი, როცა არ ნებდება. მიუხედავად იმისა, რომ ომის ჭრილობები ამ ქალაქში ჯერ კიდევ იგრძნობა, ყველგან ჩანს მშვიდობის აღდგენის, თანაცხოვრებისა და მძიმე გამოცდილებებისგან განკურნების ძლიერი სურვილი. ამ ქალაქში ყოფნამ დამანახა, რომ აღდგენა არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღდგენაა, ეს არის ნდობის, ღირსებისა და იმედის დაბრუნება. გამძლეობა მხოლოდ ტკივილის ატანა კი არა, უსამართლობის ნორმალიზებაზე უარის თქმაცაა. თუმცა, მხოლოდ გამძლეობა საკმარისი არ არის. აუცილებელია პასუხისმგებლობა, იმ გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან, ვინც აიღო ვალდებულება, დაიცვან ადამიანები, უზრუნველყონ სამართლიანობა და შექმნან გარემო, სადაც თანასწორობა, ღირსება და მშვიდობა ყველას ყოველდღიურ რეალობად იქცევა, სადაც ქალებს ექნებათ საშუალება იდგნენ წინა ხაზზე და მონაწილეობდნენ ქვეყნის აღდგენისა და განვითარების პროცესებში”, - აღნიშნა ეკატერინე გამახარიამ.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს სარაევოს დათქმა, რომელიც ძლიერ და ერთიან ხედვას წარმოადგენს: „ჩვენ აღარ დაველოდებით კიდევ 25 წელს. ვიმოქმედებთ ახლა, რათა ქალთა ლიდერობა, გენდერული თანასწორობით აღდგენილი სამართლიანობა მშვიდობის მშენებლობა და აღდგენითი პროცესები მოექცეს ყველა სამშვიდობო პროცესის ცენტრში – ყველა ქვეყანაში, ყველა თაობისთვის”.

კონფერენციამ კვლავ დაადასტურა, რომ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობის საფუძველია. მისი მიღწევა კი ქალთა ლიდერობის მხარდაჭერასა და და სამშვიდობო პროცესებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას საჭიროებს.

ინიციატივა გაროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა. პროგრამას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერითა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ.