მეღვინე ქალები ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე
თარიღი:
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი საბუე აღმოსავლეთ საქართველოს მეღვინეობით გამორჩეულ კუთხეში - კახეთში მდებარეობს. კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელიც მევენახეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, ადგილობრივ მეღვინეს, 37 წლის თამარ გერლიანს 2 ჰექტრამდე მიწაზე ორგანული ყურძენი მოჰყავს. მას საკუთარი მარანიც აქვს, სადაც ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით 7 სახეობის ნატურალურ ღვინოს ამზადებს.
„ეს საქმე 2015 წელს დავიწყე. ვენახი იმიტომ გავაშენე, რომ მინდოდა, მხოლოდ ორგანული ყურძენი დამეწურა. ჩემი ღვინოები უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამაქვს და აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში ვყიდი. ექსპორტზე მოლაპარაკებები საფრანგეთსა და იაპონიასთანაც მაქვს.“, - ამბობს თამარ გერლიანი, რომელმაც საკუთარი ნაწარმი 28 ივნისს, თბილისში, ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე მოსულ სტუმრებს წარუდგინა.
ფესტივალს „ნინოშვილის ბაზარმა“ უმასპინძლა. საპრეზენტაციო სივრცემ, რომელიც ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია, თავი 100-მდე მცირე მარნის წარმომადგენელს მოუყარა. ღონისძიება „სუპერნატურალ ჯგუფის“ მიერ ჩატარდა. მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, რომლის ხელშეწყობით, ხუთმა მეღვინე ქალმა, მათ შორის თამარ გერლიანმაც, ფესტივალში მონაწილეობა უფასოდ მიიღო.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთ მეღვინე ქალს ეხმარება საქმიანობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, საჭირო ცოდნისა და უნარების მიღებაში, ახალი ბაზრების ათვისებასა და სასარგებლო კავშირების დამყარებაში. ის მეღვინეები, რომლებიც ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით წარდგნენ, სწორედ ამ პროექტების მონაწილეები არიან.
ფესტივალმა მეღვინე ქალებს საკუთარი ბრენდების პოპულარიზაციის, სასარგებლო ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობა მისცა. ამას გარდა, მათ საშუალება ჰქონდათ, უკეთ შეეფასებინათ წარმოების ტექნიკები და სტანდარტები, უფრო სიღრმისეულად გასცნობოდნენ სექტორისა თუ ბაზრის სპეციფიკას, კონკურენტუნარიანობასა და გაყიდვების გზებს.
„ასეთი ფესტივალები ჩემთვის უპირველესად იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შემიძლია, მეტ ქართველს მივაწვდინო ხმა, პირდაპირი ურთიერთობა მქონდეს მათთან, ავუხსნა, რას ნიშნავს ხარისხიანი ღვინო და ავთენტური გემოები. უამრავი ახალი კონტაქტი შევიძინე და შევხვდი იმათაც, ვისაც დიდი ხანია ჩემი ღვინო მოსწონს და აფასებს“ , - აღნიშნა ფესტივალის დასრულების შემდეგ თამარ გერლიანმა.
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი, რომელიც თბილისში სისტემატურად ტარდება, ეკოლოგიურად სუფთა ღვინის მწარმოებლების ცნობადობის გაზრდას, ქართული ღვინის მრავალფეროვნების წარმოჩენასა და ტრადიციულ მეღვინეობების ხელშეწყობას ემსახურება. ღონისძიებაში მეღვინე ქალების მონაწილეობის მხარდაჭერა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებს.