მეწარმე ქალები მობილურ ფოტოგრაფიასა და სოციალური მედიის მართვას სწავლობენ

თარიღი:

სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ჯგუფური ფოტო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ციფრული ტექნოლოგიებისა და ონლაინგაყიდვების პოპულარობა სულ უფრო იზრდება: მომხმარებლების დიდი ნაწილი სასურველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტსივრცეში იძიებს, ყიდვის გადაწყვეტილებას ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს და ხშირად შენაძენს პირდაპირ ონლაინპლატფორმიდანვე აფორმებს. არსებული რეალობა მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან, ახალ საჭიროებებს აჩენს, რაც სოციალურ ქსელებსა და აპლიკაციებში სათანადოდ წარმოჩენას, ბიზნესპროფილების საინტერესო შინაარსით გამდიდრებასა და ამ არხების მუდმივ, ეფექტიან მართვას უკავშირდება. თუმცა, შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსებისა და, ამავდროულად, შესაბამისი ცოდნისა და უნარების არქონის გამო, ისინი არაერთ გამოწვევას აწყდებიან.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, მეწარმე ქალების მხარდაჭერის ფარგლებში, ცდილობს, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობების პოპულარიზაციასა და განვითარებას. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები, რომლებიც ფოტოგადაღებასა და სოციალური მედიის მართვის საკითხებზე მეწარმე ქალებისთვის ივნისსა და ივლისში ჩატარდა.

შეხვედრების თემატიკა მთლიანად მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა. მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ გადაიღონ საკუთარი ნაწარმის მიმზიდველი და ეფექტური ფოტოები მობილური ტელეფონის კამერით, ბუნებრივი განათებითა თუ სხვა ხელმისაწვდომი რესურსით და აქციონ ისინი გაყიდვების ძლიერ ინსტრუმენტებად, გამოიყენონ სოციალური მედიის და ციფრული რეკლამა საკუთარი პროდუქციის უკეთ წარმოჩენისა და გაყიდვების გაზრდისთვის. შეხვედრები ლექციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე ინდივიდუალურ კონსულტაციებს მოიცავდა.

ინიციატივის ფარგლებში ჩატარებულ 3 სამუშაო შეხვედრას ჯამში 35 მეწარმე ქალი დაესწრო. მათ შორის იყო ნინო ქავთარაძეც, რომელიც სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ჯვარში ცხოვრობს და “ნინოსეულის” ბრენდით სხვადასხვა სახეობის ყველს, ჯემებს, ცუკატებს, ჩირს, ტყლაპსა და ჩურჩხელას აწარმოებს.

“ჩემთვის ყველა ასეთი შეხვედრა ნიშნავს ახალი ცოდნის ძიებას, რომელიც ბიზნესის წარმატებაში დამეხმარება. დღესაც იმიტომ მოვედი, რომ მინდა, ჩემი პროდუქტების რეკლამა უფრო ეფექტიანად მოვახერხო და მომხმარებლებამდე საინტერესოდ მივიტანო. ფოტოებს საკუთარ ნაწარმს ამ დრომდეც ვუღებდი, მაგრამ შეხვედრაზე მივხვდი, რას ნიშნავს კარგი ფოტო, რომელიც შენს მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს”, - აღნიშნა ნინო ქავთარაძემ.

საგულისხმოა, რომ ცოდნისა და უნარების მიღების გარდა, ამ შეხვედრებმა ხელი შეუწყო მეწარმე ქალების გაცნობას, ერთმანეთთან დაახლოებას, ახალი გამოცდილებების გაზიარებასა და სამომავლოდ პერსპექტიული თანამშრომლობების დამყარებას. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების დაგეგმვას სამომავლოდაც განაგრძობს.

სამუშაო შეხვედრები ნორვეგიის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტისა და, ასევე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში.