კერძო სექტორი ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას აგრძელებს

თარიღი:

სოციალურ საწარმო "გემომეტრიას" თანამშრომელი ამზადებს შეკვეთას. "გემომეტრია" ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფრის ბაზაზე ფუნქციონირებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
სოციალურ საწარმო "გემომეტრიას" თანამშრომელი ამზადებს შეკვეთას. "გემომეტრია" ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფრის ბაზაზე ფუნქციონირებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები ქალებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მოტივაციად არაერთი კომპანიისთვის იქცა. დღესდღეობით ამ პრინციპებს საქართველოში უკვე 300-ზე მეტი კომპანია აწერს ხელს და შესაბამის ინიციატივებსაც ახორციელებს. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის, Nexia-ს ოფიციალური წარმომადგენელი Nexia Georgia ერთ-ერთია იმ ბიზნესკომპანიებიდან, რომლებიც მსხვერპლ და ძალადობაგამოვლილ ქალებს ეხმარებიან.

კომპანიისთვის ეს მხარდაჭერა სოციალურ საწარმო „გემომეტრიასთან“ თანამშრომლობით დაიწყო. „გემომეტრია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავშესაფრის ბაზაზე ფუნქციონირებს. საწარმოში მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობაგამოვლილი ქალები მუშაობენ და მსურველებს ქეითერინგის სერვისს სთავაზობენ. Nexia Georgia-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე სმაგლიუკი ჰყვება, რომ მიმდინარე წლის აპრილში, აღდგომის დღესასწაულისთვის, კომპანიაში სწორედ „გემომეტრიაში“ დამზადებული პასქები შეიძინეს, შემდეგ კი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიება დაგეგმეს და მასში მონაწილეობა კლიენტ ორგანიზაციებსაც შესთავაზეს.

„პარტნიორი კომპანიები - „ბებე+“ და „ლიბო ჯგუფი“, რომლებსაც მომსახურებას ვუწევთ, სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს ინიციატივაში. მათ მიერ გამოყოფილი რესურსითა და Nexia Georgia-ს თანამშრომლების მიერ შეგროვილი თანხით ტანსაცმელი, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები თუ სხვა საჭირო ნივთები შევიძინეთ და თავშესაფარს გადავეცით. იქ მცხოვრები ქალები და ბავშვები განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, ამიტომ ასეთი აქტივობებით მათი ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ელენე სმაგლიუკი.

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი და ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მათი ეკონომიკური რეაბილიტაცია და გაძლიერება ერთ¬-ერთი აქტუალური გამოწვევაა. თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების გამართულ ფუნქციონირებას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესში სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობას, მით უფრო ბიზნესკომპანიების ჩართულობას, გამორჩეული როლის შესრულება შეუძლია.

“ქალებისთვის, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, ან “გემომეტრიაში” მუშაობენ, მათ მიმართ გამოხატული ზრუნვა და მხარდაჭერა განსაკუთრებულია ხოლმე. ძალიან კარგია, რომ ბიზნესმა ამ ტიპის სოციალური პროექტების მხარდაჭერა გაზარდა. ეს არა მარტო გადამდებ მაგალითებს ქმნის სხვა კომპანიებისთვის, არამედ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებსაც ცვლის”,- აღნიშნავს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე.

Nexia Georgia-მ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი 2022 წელს მოაწერა. ელენე სმაგლიუკი ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების მხარდაჭერას კვლავაც განაგრძობენ. „ვაპირებთ, სამომავლოდ ჩვენს სხვა კლიენტ კომპანიებსაც შევთავაზოთ იმ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას ემსახურება“,- დასძენს ის.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების საფუძველზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს კერძო სექტორთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ ინსტრუმენტის შესაბამისად, კომპანიებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე არაერთი სხვადასხვა მიმართულების პროექტი განახორციელეს და 90 000-ზე მეტი ქალის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.