გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროგრამირებაში გოგოების ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად

თარიღი:

მარცხნიდან მარჯვნივ: გუნდის ლიდერი პროფესორი გიორგი მანდარია, გუნდის წევრები - გვანცა ხვედელიძე, მარიამ ცაგარელი, მარიამ ფიფია, ლიზი პავლიაშვილი და გუნდის ლიდერი ნინო ჩხაიძე. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
მარცხნიდან მარჯვნივ: გუნდის ლიდერი პროფესორი გიორგი მანდარია, გუნდის წევრები - გვანცა ხვედელიძე, მარიამ ცაგარელი, მარიამ ფიფია, ლიზი პავლიაშვილი და გუნდის ლიდერი ნინო ჩხაიძე. ფოტო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრებმა ინფორმატიკაში ევროპის გოგოების მე-5 ოლიმპიადაზე (EGOI) მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე, რომელიც 14-20 ივლისს, გერმანიაში გაიმართა, ნაკრების გამოცდილმა წევრმა, გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გვანცასთან ერთად, გუნდს მარიამ ცაგარელი, მარიამ ფიფია და ლიზი პავლიაშვილი წარმოადგენდნენ. გუნდის ლიდერები პროფესორი გიორგი მანდარია და ევროპის გოგოების ოლიმპიადის პრიზიორი ნინო ჩხაიძე იყვნენ.

“წლევანდელი ოლიმპიადა პირველ რიგში იმით იყო საინტერესო, რომ ნაკრებში დებიუტანტები დაგვემატნენ. საბოლოო ჯამში, ყველამ დიდი გამოცდილება მივიღეთ და, იმედია, მომდევნო ოლიმპიადაზე შედეგებს გავაუმჯობესებთ”, - ამბობს გვანცა ხვედელიძე, რომელიც კომაროვის სკოლის მე-12 კლასისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის, “მზიურის” მოსწავლეა. გვანცა პროგრამირებაში ევროპის ოლიმპიადაზე 2022 წლიდან მონაწილეობს. მისთვის ეს ამ შეჯიბრებაში მიღებული ბრინჯაოს მეორე მედალია. 2024 წელს კი ის პირველი საპატიო დიპლომის მფლობელიც გახდა.

EGOI ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო ოლიმპიადაა ინფორმატიკაში. მისი მიზანი ტექნოლოგიებით დაინტერესებული, 20 წლამდე ასაკის გოგოებისთვის ევროპის მასშტაბით გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო კონკურენციისა და კარიერული განვითარების პლატფორმის შექმნაა. საქართველოს გოგოების ნაკრები ოლიმპიადაში 2022 წლიდან მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში მის წევრებს 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული.

ოლიმპიადაზე წარმოდგენა არა მხოლოდ წარმოაჩენს საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ხელს უწყობს გოგოების მეტ ჩართულობას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეს ინიციატივაც სწორედ ტექნოლოგიებში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და სტერეოტიპების დაძლევას ემსახურებოდა.

“ინფორმატიკის ოლიმპიადის მონაწილე გოგოებს ამგვარი მხარდაჭერა უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს და გვმატებს მოტივაციას, ვაკეთოთ ის, რაც მართლა გვსურს და გვაინტერესებს. ხშირად ხდება, რომ, სტერეოტიპების გამო, გოგოები კარგავენ სურვილს და არ აგრძელებენ ამ საქმიანობას, ამიტომ ნებისმიერი ხელშეწყობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს”, - დასძენს გვანცა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნოლოგიებში გოგოების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ამ ინიციატივების ფარგლებში, საქართველოში არაერთმა გოგომ შეძლო ახალი პროფესიის შესწავლა, სასურველ დარგში დასაქმება და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობის კუთხით წარმატებული მაგალითების შექმნა.

ინფორმატიკაში საქართველოს გოგოების ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებს.