გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ჯეოლაბი მეწარმე ქალებს ვიზუალური სტილის შექმნაში ეხმარებიან

თარიღი:

დიზაინერი ნინი გეჯაძე მეწარმე ირინა ვანიშვილის სამასპინძლო სივრცისთვის ვიზუალური ბრენდგინის შექმნაზე მუშაობს. ფოტო: ჯეოლაბი
დიზაინერი ნინი გეჯაძე მეწარმე ირინა ვანიშვილის სამასპინძლო სივრცისთვის ვიზუალური ბრენდგინის შექმნაზე მუშაობს. ფოტო: ჯეოლაბი

ბრენდინგი და უნიკალური ვიზუალური სტილი ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს. თუმცა, მცირე და საშუალო მეწარმე ქალებს, რომლებსაც უმეტესად შეზღუდული რესურსები აქვთ, ამ ძვირადღირებული მომსახურებისთვის საჭირო ფინანსების გამოძებნა უჭირთ. შესაბამისად, ხარისხიან ვიზუალურ სტილზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალებს ხშირად ეხმარება ინიციატივებით, რომლებიც სწორედ მათ გამოწვევებს ეხმიანება. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია “ჯეოლაბთან” თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ვიზუალური ბრენდინგით ორი მეწარმე ქალი დასაჩუქრდა.

პროცესში “ჯეოლაბის” ლექტორები და კურსდამთავრებულები მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ. დიზაინერებმა ნინი გეჯაძემ და ნუცა ღლონტმა ლოგო და მცირე ბრენდბუქი ირინა ვანიშვილისთვის შექმნეს — 63 წლის მეწარმისთვის, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ატენში ცხოვრობს და სამასპინძლო სივრცეს უძღვება.

ირინა სტუმრებს ქართულ კერძებსა და კულინარიულ მასტერკლასებს სთავაზობს. პარალელურად, ის სამკურნალო ბალახებისგან ჩაისა და კოსმეტიკურ ზეთს ამზადებს, რომლებსაც უკვე ბრენდირებული შეფუთვით ჰყიდის.

“ამ ლოგოს ჩემს ნაწარმს სიამაყით ვაკრავ. ის კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქმიანობას სერიოზულად ვუდგები, ორიენტირებული ვარ განვითარებაზე და ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. თანაც, ვამჩნევ, რომ ლოგოს გამოყენება პროდუქციის მოთხოვნაზეც დადებითად აისახება”, - ამბობს ირინა.

სამომავლოდ მეწარმე აპირებს, მასტერკლასებს თექის დამუშავება და კერამიკული ნივთების დამზადებაც დაამატოს. სპეციალური კურსები მან უკვე გაიარა და ორივე ხელობა შეისწავლა, ამიტომ სურს, სტუმრებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ახალი, სასიამოვნო და მხიარული აქტივობები რაც შეიძლება მალე შესთავაზოს.

ინიციატივა დასამახსოვრებელი აღმოჩნდა დიზაინერ ნინი გეჯაძესთვისაც, რომელმაც ლოგოსა და ბრენდბუქზე პირველად იმუშავა: “საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო. მეწარმე ქალის მცირე ბიზნესის განვითარებას დავეხმარე და იმედი მაქვს, პატარა წვლილი მაინც შევიტანე მის წარმატებაში”, - ამბობს ნინი გეჯაძე.

“ჯეოლაბი” 2020 წლიდან გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. ამ ინიციატივამდე, კომპანიამ 5 მეწარმე ქალი უკვე დაასაჩუქრა ბრენდირებით, 6 ქალს კი უფასოდ შეასწავლა გრაფიკული დიზაინისა და სოციალური მედია მარკეტინგი. კომპანია ქალთა გაძლიერების მიმართულებით ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების საფუძველზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს კერძო სექტორის თანამშრომლობა 2016 წლიდან დაიწყო. პრინციპებს უკვე ხელს სხვადასხვა მასშტაბის 300-ზე მეტი კომპანია აწერს ხელს. ეს მიმართულება წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.