სათემო მუშაკები სოციალური მობილიზაციისა და ქცევითი ცვლილებების საფუძვლებს სწავლობენ
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაში სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის გამოყენებას იწყებს. ამ მიზნით, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი თემების საჭიროებების მოძიებასა და ადვოკატირებაში არიან ჩართულები, სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიას სწავლობენ.
19-20 ივლისს, თბილისში, სოციალური მობილიზაციისა და ქცევითი ცვლილების საფუძვლების შესახებ ორდღიანი ტრენინგი უკვე გაიარეს სათემო მუშაკებმა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მასში მონაწილეობა 24-მა ქალმა, მათ შორის 16-მა სათემო მუშაკმა მიიღო. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები სათემო მობილიზაციის კომპონენტებს, თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების თავისებურებებს, მოხალისეობის მნიშვნელობას, ქცევითი ცვლილებების მოდელებსა და სპეციფიკას გაეცნენ. სასწავლო პროცესი პრაქტიკულ, როლურ სავარჯიშოებსაც მოიცავდა. მათი შესრულებისას მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს თემების საჭიროებები, იმსჯელეს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებულ ქცევით ბარიერებზე და იმუშავეს პრაქტიკულ იდეებზე, რომელთა სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით განხორციელება თემების ყოველდღიურობას გააუმჯობესებს.
სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 2010 წლიდან სათემო პროექტებისთვის იყენებს. ეს მეთოდი აძლიერებს სოფლად მცხოვრებს ქალებს, ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებასა და თემის ლიდერებად ჩამოყალიბებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ადვოკატირების ინიციატივებში ჩართულობას, ქმნის მოხალისეობის წარმატებულ, გადამდებ მაგალითებსა და ეფექტიან თანამშრომლობებს ქალებს, ადგილობრივ მთავრობასა და მოსახლეობას შორის, უკეთესობისკენ ცვლის სოფლების ცხოვრებას.
ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის სამიზნე რეგიონებში ლოკალიზაცია კი 2018 წელიდან მიმდინარეობს. პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ადვოკატირებისა და სათემო ინიციატივების პროცესში აქტიურად მონაწილეობენ დევნილი და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალები. პროცესი ასევე ხელს უწყობს მათ გაძლიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და ადვოკატირების ინიციატივებში ჩართულობას, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას. დევნილი და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალები ამიერიდან სათემო ინიციატივებს სოციალური მობილიზაციის მეთოდით განაგრძობენ.
„სანამ ინიციატივების განხორციელებას დავიწყებდით, აქტიურ ქალებს არასერიოზულად გვიყურებდნენ. გვეუბნებოდნენ, ყავის დასალევად დადიხართო. თუმცა, მალევე ბევრი რამ გავაკეთეთ, გავაუმჯობესეთ დევნილთა ჩასახლების ინფრასტრუქტურა და პირობები, ჩავრთეთ მთელი სამეზობლო - ქალებიცა და კაცებიც. მერე სხვა დასახლებებიდანაც პირდაპირ ჩვენთან მოდიოდა ხალხი პრობლემების გადასაჭრელად. საკუთარ გამოწვევებზე გვესაუბრებოდნენ, დახმარებასა და რჩევებს გვთხოვდნენ. თემსა და გადაწყვეტილებების მიმღებ მხარეებს შორის შუამავალ რგოლად ვიქეცით”, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნაზი ლობჟანიძემ, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი და მშობლიური კუთხის დატოვების შემდეგ იმერეთში, ხონის სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს. ნაზი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციაშია ჩართული და წლებია, დასახლების საჭიროებების მოგვარებაზე მოხალისეობრივად მუშაობს. ახლა კი ის უკვე სათემო მუშაკის საქმიანობასაც უძღვება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა ნაზისა და სხვა მონაწილეებს დაეხმარება, მუშაობა მდგრადი ცვლილებების მისაღწევად ახლებური მიდგომებით გააგრძელონ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროექტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.