თანაბარი ანაზღაურების შესახებ კერძო სექტორისთვის სასერტიფიკატო პროგრამა დაინერგა

თარიღი:

„ტერაბანკის“ HRM განყოფილების უფროსის მოადგილე იზა კანდელაკი თანაბარი ანაზღაურების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
„ტერაბანკის“ HRM განყოფილების უფროსის მოადგილე იზა კანდელაკი თანაბარი ანაზღაურების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ინკლუზიური, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნასა და განვითარებაში კერძო სექტორის ინიციატივებსა და ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში აგრძელებს ბიზნესკომპანიების მხარდაჭერას, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად, არადისკრიმინაციული მიდგომების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საჭირო ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვასაც გულისხმობს.

კერძო სექტორის მხარდაჭერის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა სასერტიფიკატო პროგრამის „შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენცია, თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვა და ანგარიშგება“ შემუშავებაა. ოთხდღიანი კურსი დასაქმების ადგილზე შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენციასა და მასზე ეფექტიან რეაგირებას ისახავს მიზნად. 13 კომპანიის 17-მა წარმომადგენელმა სწავლება 16 ივნისს დაასრულა.

სასერტიფიკატო პროგრამის მიმდინარეობისას კერძო სექტორის წარმომადგენლები ეცნობიან გენდერული სახელფასო სხვაობის არსს, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს, გენდერული სახელფასო უთანასწორობის გამოვლენისა და ამგვარ შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების საუკეთესო პრაქტიკებს. საგულისხმოა, რომ კურსის მიმდინარეობისას ისინი თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) ინსტრუმენტის მნიშვნელობასა და გამოყენებასაც სწავლობენ.

თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი 2021 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა შეიმუშავა. ინსტრუმენტი მთლიანად ქართულ კონტექსტზეა მორგებული და ეხმარება ორგანიზაციებს, მარტივად გააანალიზონ დასაქმების ადგილზე შრომის ანაზღაურების საკითხები, შეადარონ იმ დასაქმებულების ანაზღაურებები, რომლებიც თანაბარ სამუშაოს ასრულებენ, აღმოაჩინონ და დროულად აღმოფხვრან გენდერული დისკრიმინაცია. საგულისხმოა, რომ სასერტიფიკატო პროგრამის ყველა მონაწილემ თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) ინსტრუმენტი საკუთარ ორგანიზაციაში პრაქტიკულადაც დატესტა.

„ტრენინგები საკმაოდ ინტერაქციული იყო. თითოეული მონაწილის აზრსა და გამოცდილებას ტრენერები და ინსტრუმენტის ავტორები მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ, რამაც პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახადა. ვფიქრობ, ამ ინსტრუმენტის დახვეწაში ჩვენი მცირე წვლილიც არის, რაც ძალიან სასიხარულოა. მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ანაზღაურების გამჭვირვალობა და თანასწორობა როგორც სოციალური სამართლიანობის, ისე ორგანიზაციული წარმატებისთვის“, - აღნიშნა „ტერაბანკის“ HRM განყოფილების უფროსის მოადგილემ, იზა კანდელაკმა, რომელიც პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა. სასერტიფიკატო პროგრამა „შრომის უთანასწორო ანაზღაურების პრევენცია, თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვა და ანგარიშგება“ შემუშავდა და ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.