სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სწავლობენ

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: BTU
ტრენინგის მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: BTU

ინოვაციური ტექნოლოგიების ერთ-ერთ მთავარ გლობალურ ტრენდს ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობების ცოდნასა და სხვადასხვა საქმიანობაში გამოყენებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. პარალელურად, მასშტაბური ხდება მსჯელობა გამოწვევებზეც, რომლებიც ამ ინოვაციას, მაგალითად, ინფორმაციული უსაფრთხოების ან თვალსაზრისით ახლავს.

ხელოვნური ინტელექტის მრავალმხრივი ფუნქციონალით სარგებლობასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე მსჯელობას სამოქალაქო სექტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ შეზღუდული რესურსების პირობებში, რომლებშიც მის წარმომადგენლებს უწევთ საქმიანობა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს პარტნიორი არასამთავრობო სექტორის ახალი ცოდნითა და უნარებით გაძლიერებას, მათ შორის, ტექნოლოგიების კუთხით. ამ მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შემუშავდა 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი შემუშავდა, რომელიც 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამოქალაქო სექტორის 23-მა წარმომადგენელმა გაიარა.

პროგრამა მაქსიმალურად არასამთავრობო ორგანიზაციების საჭიროებებსა და პროფესიულ თავისებურებებზე იყო მორგებული. მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სტრატეგიულ დაგეგმვაში, პროექტების წერაში, ციფრულ კომუნიკაციასა და ინოვაციურ სერვისებში. ამას გარდა, პრაქტიკული სავარჯიშოებითა და ფინალურ დავალებაზე მუშაობით, მათ სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უშუალოდ გამოცადეს.

როგორც პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქალთა ეროვნული ლიგის საბჭოს წევრმა, ნინო ციხელაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეალურ და ციფრულ სივრცეებში საქმიანობენ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერკვეოდნენ მართვის სისტემების ოპტიმიზაციაში, თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობებსა და რისკებში.

„ხელოვნური ინტელექტის შესწავლა საქართველოში საწყის ეტაპზეა და ამგვარი ინიციატივებით მთლიანად მიმართულება ვითარდება. კურსს დინამიკურობას სძენდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითობა და საინტერესო პერსპექტივები ხელოვნური ინტელექტის მრავალმხრივ გამოყენებაზე. განსხვავებული სპეციალობის მქონე ინსტრუქტორების გუნდი დაგვეხმარა, დაგვენახა კავშირი ხელოვნური ინტელექტის პარამეტრების ცოდნასა და პერსონალურ თუ ორგანიზაციულ საქმიანობაში მათი ინტეგრირების ხარისხზე”, - აღნიშნა კურსის დასრულების შემდეგ ნინო ციხელაშვილმა.

ინიციტიავა დაეხმარება ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაიღრმავონ ციფრული კომპეტენციები და გაზარდონ ტექნოლოგიური ჩართულობა, უსაფრთხოდ და ეთიკურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ინოვაციები სთავაზობს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის ტექნოლოგიური ცოდნის მიმართულებით გაძლიერებას და მისი წარმომადგენლებისთვის შესაბამისი კურსის შეთავაზებას სამომავლოდაც განაგრძობს.

სასწავლო პროგრამა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.