პირველად საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტის ლიდერობის პროგრამა განახორციელა
თარიღი:
ქალთა ლიდერობა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების დაკავება გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი გამოწვევაა. დისკრიმინაციული სტერეოტიპები, ე.წ. “შუშის ჭერი” თუ სხვა ბარიერები ქალების კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) გარშემო თანამშრომლობის ფარგლებში, ხელს უწყობს კერძო სექტორში საშუალო თუ მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე ქალების წარმოჩენას, მათი შესაძლებლობების რეალიზებას, ახალი ცოდნითა და უნარებით გაძლიერებას. ამ მიზნით, საქართველოში პირველად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის (DCE) ინტენსიური პროგრამა - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“ განხორციელდა.
სწავლება კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 19-21 ივნისს მიმდინარეობდა და მასში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ფინანსურ სექტორში დასაქმებულმა 31-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიას წარმოადგენდა. პროგრამა ინტერაქციულ ლექციებს, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგალითების ანალიზს, გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავდა.
“აღმოჩენებით სავსე გამოცდილება იყო. ასეთი პროგრამები თვითრეფლექსიის მეტ საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურობიდან გამოვყავართ და გვეხმარება, დავინახოთ ის, რაც რუტინაში არ ჩანს ხოლმე. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ლიდერობა არა პოზიცია, არამედ ადამიანების, საქმისა და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაა. ლიდერობაა, როცა შეგიძლია, სხვისი და საკუთარი ნიჭი და ძალები საერთო სიკეთისკენ მიმართო და მუდმივად ხვალინდელი დღის გაუმჯობესებას ცდილობდე. საინტერესო და სასიამოვნო იყო მონაწილეების უკეთ გაცნობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამომავლოდაც ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, გამოცდილება გავუზიაროთ და ერთად უკეთესი გარემო შევქმნათ”, - აღნიშნა პროგრამის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, ნინი არშაკუნმა, რომელიც Lion Finance Group-ის ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს. Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული, FTSE 250 ინდექსში შემავალი კომპანიაა და საქართველოს ბანკსა და ამერიაბანკს ფლობს.
სასწავლო კურსი მონაწილეებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა პროფესიულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ. საგულისხმოა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგაც, ჰარვარდის წამყვანი პროფესიონალები მათ მენტორობას დისტანციური ფორმატით განაგრძობენ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ეს ინიციატივა არა მხოლოდ ქალთა ლიდერობის მხარდამჭერის, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
პროგრამის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა პანელური დისკუსია „დღევანდელი საბანკო სექტორი - მთავარი ფაქტორები ლიდერებისთვის“. მასში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერი ლესლი ლემი, ევროპის საინვესტიციო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩეი ჩურა, პროკრედიტ ბანკის დირექტორი ზეინაბ ლომაშვილი და მიკრობანკი “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე მონაწილეობდნენ. პანელს მოდერაციას ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესორი ლორი პასკალი უწევდა. დისკუსია საფინანსო სექტორში ქალთა ლიდერობისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას დაეთმო.
სასწავლო პროგრამა დანიის მთავრობისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Norad) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.