გენდერი კატასტროფების რისკების შემცირებაში - სამოქალაქო სექტორი ახალ ცოდნას იძენს
თარიღი:

კლიმატის ცვლილება და კატასტროფის რისკები არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს ქალებზე, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებზე. ამავდროულად, გლობალური პრაქტიკა ადასტურებს, რომ სწორედ ეს ქალები არიან იმ ცვლილებების ინიციატორები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი უნიკალური გამოცდილებით, ცოდნითა და უნარებით საზოგადოების მედეგობა გააძლიერონ და ხელი შეუწყონ კატასტროფის რისკების შემცირებას.
სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში კლიმატის ცვლილების ზიანის თუ კატასტროფის რისკების შემცირების პოლიტიკებსა და პროგრამებში ქალების მონაწილეობა მცირეა. ცვლილებების მიღწევის ერთ-ერთი გზა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაა - იმ ორგანიზაციების, რომლებიც ისედაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გენდერული თანასწორობისა და თემების გაძლიერების პროცესში, თუმცა ნაკლებად ფლობენ სპეციფიკურ ცოდნას კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ.
არსებული რეალობის შეცვლისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უფლებადამცველების სათანადო უნარებითა და ცოდნით გაძლიერებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა და 18-20 ივნისს გენდერის, კატასტროფის რისკების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის შესახებ ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. სამი დღის განმავლობაში სამოქალაქო სექტორის 30-მდე წარმომადგენელმა სპეციალური გადამზადება გაიარა. მონაწილეები გაეცნენ, თუ როგორ უკავშირდება გენდერი კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობას, მოისმინეს ინფორმაცია შესაბამისი გლობალური და ეროვნული ჩარჩო ხელშეკრულებების, მექანიზმებისა და ქართულ კონტექსტთან მათი კავშირის შესახებ.
დამსწრეებმა შეისწავლეს ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარება მათ, საკუთარ ორგანიზაციებსა და თემებში მხარი დაუჭირონ გენდერულად პასუხისმგებლიან და ინკლუზიურ მიდგომებს კატასტროფის რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით. ამავდროულად, მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებით განიხილეს რეალური გამოწვევები და საჭირო საპასუხო სტრატეგიები.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის “მეწარმე ქალების მხარდაჭერა საქართველოში” მენეჯერი თამთა მამულაიძე ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე იყო. როგორც მან აღნიშნა, ცოდნა, რომელიც კატასტროფებთან ბრძოლისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის საკითხებზე მიიღო, პროექტის ეფექტიანობაზე პირდაპირ აისახება. “როცა მეწარმე ქალებს გადამწყვეტი ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები აქვთ, ისინი ნაკლებად მოწყვლადები ხდებიან და საკუთარი რესურსებით კრიზისებთან გამკლავება უკეთ შეუძლიათ. სწორედ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მომცემს შესაძლებლობას, გუნდთან ერთად შევქმნა კიდევ უფრო ძლიერი და თვალსაჩინო მაგალითები იმ ქალების, რომლებიც აგრობიზნესში ყოველდღიურად არიან ჩართულები. ამით არა მხოლოდ მათ გავაძლიერებთ, არამედ გავზრდით ცნობიერებას მდგრადი და კლიმატგონივრული მიდგომების მნიშვნელობის შესახებ”, - დასძინა თამთა მამულაიძემ.
მონაწილეების ცოდნითა და შესაძლებლობებით გაძლიერებასთან ერთად, ტრენინგმა ხელი უნდა შეუწყოს ტრენერების ქსელის ფორმირებას, რომლის წევრებიც სამომავლოდ საქართველოში გენდერის, კატასტროფის რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმუშავებენ. ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იქნება ქალთა წარმომადგენლობისა და ჩართულობის გაძლიერება და მათი დაკავშირება შესაბამის რეგიონულ და გლობალურ პლატფორმებთან. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მზადდება სახელმძღვანელოც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამის ცოდნას, უნარებსა და მეთოდოლოგიას მიაწვდის, რათა მათ სათემო დონეზე ქალებისა და გოგოების მედეგობის გაძლიერება შეძლონ.
ინიციატივა ხორციელდება პროექტის „გენდერი კატასტროფების რისკის შემცირებაში“ ფარგლებში. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და საქართველოში კატასტროფების მიმართ ქალებისა და გოგოების მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.