აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ბიზნესკომპანიები ქალთა გაძლიერების მაგალითების გაეცნენ
თარიღი:
კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს უჭერენ მხარს, თბილისში ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
30 კომპანიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები და ის პრაქტიკული ნაბიჯები გაუზიარეს, რომლებსაც ბიზნესსტრატეგიებში, ორგანიზაციულ პროცესებსა და კორპორაციულ კულტურებში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ინტეგრირების კუთხით დგამენ. მონაწილეებმა განიხილეს ამ პრინციპების დანერგვის მაგალითები, რომლებმაც ინკლუზიური ბიზნესმოდელების შექმნა და მთელი ინდუსტრიების განვითარებაც კი განაპირობა.
“აქტიურად ვმუშაობთ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. კომპანიაში დამტკიცების ეტაპზეა სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა, რომელიც მალე ამოქმედდება. გავაგრძელებთ სიახლეებისთვის თვალის მიდევნებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ საქმიანობაშიც დავნერგავთ. ამ შეხვედრიდან ღირებული კონტაქტები და საინტერესო მიდგომები მიმაქვს“, - განაცხადა ღონისძიების შეფასებისას ანა ალაჰვერდიანმა, არარატბანკის კომუნიკაციებისა და CSR პროგრამების კოორდინირების განყოფილების ხელმძღვანელმა და აღმასრულებელი დირექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა მასშტაბისა და სფეროების კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რამაც გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი მსჯელობის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. ამავდროულად, მან ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების კუთხით დაგროვილი წარმატებული მაგალითების წარმოჩენას.
“რეგიონში მოქმედი კომპანიებისთვის რთულია მათ მიერ მრავალფეროვნებისა და ჩართულობის კუთხით განხორციელებული ინიციატივების სხვა ინდუსტრიებისა თუ ქვეყნების პრაქტიკასთან შედარება. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს შეხვედრა ყველა მონაწილისთვის ინფორმაციის გაცვლისა და მულტიკულტურული კავშირების ჩამოყალიბების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო”, - აღნიშნა ლაშა ღვალაძემ, FINCA Impact Finance-ის გლობალური ტალანტების მართვის ხელმძღვანელმა.
საგულისხმოა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორი ქალთა გაძლიერებასა და ლიდერობას აქტიურად უჭერს მხარს. სულ უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს, რომ თანასწორი გარემოს შექმნა და ქალთა ხელშეწყობა საუკეთესო შესაძლებლობაა კადრების შენარჩუნების, ინოვაციებისა და ჩართულობის, ახალი შესაძლებლობების რეალიზების, რეპუტაციის გამყარების, ინვესტორთა ნდობისა და შემოსავლის გაზრდისთვის. შესაბამისად, ბიზნესი ნერგავს იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს სამუშაო გარემოში მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და ინკლუზიურობას. საბოლოოდ, ამგვარი მიდგომა არა მარტო ზრდის კომპანიების წარმატებას, არამედ პოზიტიურად აისახება მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრად განვითარებაზე.
„შთამაგონებელი დღეები იყო. სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან შეკრებილი აუდიტორიის უნიკალური გამოცდილებების, გამოწვევებისა და წარმატების ისტორიების მრავალფეროვნებამ დისკუსიის ღირებულება გაზარდა და ჩვენი შეხების წერტილებიც წარმოაჩინა. ჩემს ქვეყანაში მოტივირებული და ახალი იდეებით სავსე ვბრუნდები”, - აღნიშნა „აზერქონექთ ჯგუფის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომელთა ტრანსფორმაციული პროგრამების ხელმძღვანელმა, ელნარა მაჯიდოვამ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდეს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე მხარდამჭერი მდგრადი ბიზნესსაზოგადოება, რომელიც გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ამ მიმართულებით სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კერძო სექტორებთან პარტნიორობა და სხვადასხვა ინიციატივის განხორციელება სამომავლოდაც გაგრძელდება.
სამუშაო შეხვედრა წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილს. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.